გია ვოლსკი: პაპუაშვილის მიერ მთავრობის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება.
როგორც გია ვოლსკიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პაპუაშვილის მიერ მთავრობის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა.
მისივე თქმით, არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ ხელისუფლება საკონსტუტიცო სასამართლოზე ზეგავლენას ახდენს. დეპუტატს მიაჩნია, რომ ის რაც ხდება „ნაციონალებისა“ და პაპუაშვილის გეგმის ნაწილია.
„ერთი საინტერესო კითხვა იბადება, რითი ვახდენთ ზეწოლას და რატომ არ შეუძლია პარლამენტარს გააკეთოს კომენტარი. ნებისმიერ საქმეში, რომელსაც სასამართლო განიხილავს, პარლამენტი არის მხარე. ამ დღეებში წავიკითხე გიორგი პაპუაშვილის კომენტარი, რომ არავითარი არეულობა არ იგეგმებოდა და არავითარი საკონსტუტიციო კრიზისი ამას არ მოყვებოდა, თუკი გააუქმებდნენ საარჩევნო კოდექსს. 8 ადამიანმა ამას მხარი არ დაუჭირა და რაშია საქმე. თითქოს არ იცის, რომ იქ მეორე საკითხზეც იყო საუბარი, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობასაც ეხებოდა. მისი პასუხი არის უსუსური, უნიათო. ბოლოს იქამდეც მივიდნენ, რომ პარლამენტარმა ხმა არ უნდა ამოიღოს. მოგწონთ თუ არა პარლამენტარი, ვალდებულია თავისი ამომრჩევლის წინაშე. ჩვენ შევცვალეთ საკონსტუტიციო სასამართლოს კოდექსი, ეს რომ არ ყოფილიყო პირველ კოლეგიას ეძლეოდა ძალაინ დიდი ძალაუფლება. მხოლოდ ეს ადამიანები არ უნდა წყვეტდნენ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ პოლიტიკური კამპანიაში დაადანაშაულა.
„ქ-ნი ეკა ბესელიას, ბ-ნი გედევან ფოფხაძის და სხვა პოლიტიკოსების მიერ დღეს გავრცელებული განცხადებები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული პოლიტიკური კამპანია, ხოლო ცალკეულ მოსამართლეებზე პოლიტიკური თავდასხმების, მათი დევნის რეალურ მიზეზს წარმოადგენს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ქართველი და უცხოელი დამკვირვებლების მიერ შეფასებული იქნა პროგრესულ გადაწყვეტილებებად და ჩვენ სახელმწიფოში დემოკრატიულობისა და კანონის უზენაესობის ერთ-ერთ ინდიკატორად“ – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებაში. გიორგი პაპუაშვილის განცხადებას, მანამდე წინ უძღოდა საპარლამენტო უმრავლესობის ეკა ბესელისა და გედევან ფოფხაძის მიერ მიმართვის ტექსტი, რომელიც მათ . დიპლომატიურ კორპუსს გაუგზავნეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, საზოგადოებასა და დიპლომატიურ კორპუს მიმართავენ. მათი თქმით, განცხადების მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენონ ”ნაციონალური მოძრაობის” სახე, ამჯერად მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობის მაგალითზე.