მანანა კობახიძე: მოვითხოვთ, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული ქართულ მხარეს გადმოეცეს
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, ქართული მხარე დაჟინებით მოითხოვს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული ქართულ მხარეს გადმოეცეს, – ამის შესახებ განცხადება მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც მმართველი გუნდის წევრი აღნიშნავს, გაცხადებული ნება იმისა, რომ აფხაზური მხარე ამ ადამიანს გადმოსცემს ქართულ მხარეს, სახეზე არ არის.
“მნიშვნელოვანია, რომ პირი, რომელმაც ეს სასტიკი დანაშაული ჩაიდინა, აგოს პასუხი. ქართული მხარე დაჟინებით მოითხოვს, რომ ის პირი იყოს გადმოცემული ქართული სამართალდამცავებისადმი და იურიდიული პროცედურები წარიმართოს ოფიციალურ დონეზე, რომელსაც ფლობს ქართული მართლმსაჯულება და პასუხისმგებლობა კანონის შესაბამისად დადგეს, რადგან საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული სამართლებრივი პროცედურა იმთავითვე უკანონოა.
ამ ეტაპზე, პროგრესი და რაიმე გაცხადებული ნება იმისა, რომ აფხაზური მხარე ამ ადამიანს გადმოგვცემს, სახეზე არ გვაქვს. თუმცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, იმ მექანიზმებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია აფხაზურ მხარესთან ურთიერთობის თვალსაზრისით, უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, თუმცა რა შედეგზე გავალთ, პროგნოზი რთულია”, – აღნიშნა კობახიძემ “პირველ პრესკლუბში”.