„ ნაციონალურ მოძრაობას“ მთავარ პროკურატურასთან კითხვები აქვს

   “ნაციონალურ მოძრაობას” მთავარ პროკურატურასთან შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები აქვს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

„რატომ იქნა ნაჩვენები არასრული ვიდეო, რომელზეც არ ჩანს თარიღი/დრო? საიდან ვიცით, რომ რაც ვიდეოზე ჩანს, მართლა პროკურატურის მიერ მითითებულ დღეს და დროს ხდებოდა?;
25 თებერვალს პროკურატურიდან შალვა თათუხაშვილი გამოვიდა ღამის 3:30 საათზე. თუ დაკითხვა დამთავრდა 20:00 საათზე, როგორც პროკურატურა ამბობს, რას აკეთებდა შალვა შიგნით ღამის 3:30-მდე?;
გამოქვეყნებულ ვიდეოზე არ ჩანს, რა ხდებოდა დაკითხვის შუაში, როდესაც ადვოკატებს დაატოვებინეს დაკითხვის პროცესი. რატომ?;
თუ ზეწოლა არ იყო, რატომ დაწერეს ადვოკატებმა, რომ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი, როცა მათ აქვთ უფლება, არ მიეცათ ჩვენება? და რატომ იმალებიან დღეს ეს ადვოკატები, მითუმეტეს, თუ ოჯახის ახლობლები არიან?;
პროკურატურა ამბობს, რომ 25 თებერვალს, შალვა თათუხაშვილი დაცვამ მიიყვანა სახლში, საიდანაც ის გაიქცა, გადახტა ფანჯრიდან. ოჯახი აცხადებს, რომ სახლში ფანჯრებზე გისოსებია და გადახტომა შეუძლებელია. რასთან გვაქვს საქმე?;
ვინ ახორციელებდა დაცვას? მათი სახელები და გვარები? ამოიღო თუ არა პროკურატურამ საკომუნიკაციო ანძების მონაცემები, სად გადაადგილდებოდნენ ეს ადამიანები 25 თებერვალს, დაკითხვიდან თათუხაშვილის გამოყვანის შემდეგ?;
პროკურატურა აცხადებს, რომ ძებნა არ გამოცხადდა, რადგან თათუხაშვილის ოჯახის წევრებს არ მიუმართავთ ასეთი თხოვნით პროკურატურისთვის. პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ ლილოში აღმოაჩინა პოლიციამ თათუხაშვილი და რადგან იძებნებოდა, დააკავეს და დაკითხვაზე წაიყვანეს. თან არ იძებნებოდა და თან იძებნებოდა?;
პროკურატურა აცხადებს, რომ ძებნა არ გამოცხადდა, რადგან თათუხაშვილის ოჯახის წევრებს არ მიუმართავთ ასეთი თხოვნით პროკურატურისთვის. პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ თათუხაშვილი გაექცა მისთვის გამოყოფილ დაცვას. თუ ის იყო სპეციალური დაცვის ქვეშ და თუ პროკურატურა ამტკიცებს, რომ მას ეშინოდა ახალაიების შურისძიების, ლოგიკური არ იყო, რომ ავტომატურად დაწყებულიყო მისი ძებნა? იქნებ მართლა ახალაიებმა მოიტაცეს?;
დაკითხვის დროს უნდა ჩანდეს პროკურორი და კითხვა – პასუხი, კითხვა – პასუხი. გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს რაღაც პრესკონფერენციის მსგავსი. რატომ?;
სხვა მოწმეებსაც ეკითხება პროკურატურა და იღებს მოწმის ჩვენებებს კითხვით, ხომ არ ჰქონდა ადგილი მათ წამებას და მათზე ზეწოლას? მხოლოდ თათუხაშვილს ჰკითხეს ეს კონკრეტული კითხვა თუ სხვა მოწმეებსაც? რატომ? თავს ხომ არ იზღვევდა პროკურატურა, რადგან იცოდა, რომ წამების შესახებ ინფორმაცია შეიძლება გასაჯაროებულიყო და ალიბი სჭირდებოდა?;
თუკი რეალურად აინტერესებდათ, იყო თუ არა თათუხაშვილი ნაწამები, თუკი პროკურატურას ეშინოდა, რომ ცილს დასწამებდნენ და დააბრალებდნენ წამებას და ამიტომ გადაუღეს ეს ვიდეო, თუნდაც იმ ვიდეოზე რატომ არ გადაიღეს ის, რომ სხეულზე არ ჰქონდა წამების კვალი? არ დანიშნეს სამედიცინო ექსპერტიზა და მხოლოდ სიტყვიერი ჩვენებით შემოიფარგლნენ?; რატომ არ შეუჩერდა უფლებამოსილება იმ ორ პროკურორს, ძნელაშვილს და გილაურს, რომლებზეც ოჯახის წევრებს აქვთ ეჭვი, რომ ისინი აწამებდნენ შალვა თათუხაშვილს? რატომ აგრძელებენ ისინი დღემდე ამ საქმის წარმოებას?;
პროკურატურა ამბობს, რომ ლილოში თათუხაშვილის დაკავების შემდეგ, ის აღმოჩნდა არაადეკვატურ მდგომარეობაში (შესაძლოა, ალკოჰოლის მოქმედების ქვეშ). ამის შემდეგ მოხდა მისი დაკითხვა და ვიდეოზე ეს კადრები ჩანს. რამდენად ნორმალურია ადამიანის დაკითხვა, როდესაც ის არ არის ნორმალურ მდგომარეობაში? შესაძლოა ნასვამია?;
რატომ არ გაასაჯაროა პროკურატურამ პირველი დაკითხვის ვიდეო, სადაც თათუხაშვილმა პირველად გააკეთა “აღიარება”?;
რატომ არ არის დაცვის პროგრამაში ჩასმის მოთხოვნაზე, ოქმზე, თათუხაშვილის ხელმოწერა? ის, რომ სხვა დოკუმენტები კონფიდენციალურია, როგორ ამართლებს იმ ფაქტს, რომ ამ ოქმზე არ არის თათუხაშვილის ხელმოწერა? ანუ, თქვენ რომ მოინდომოთ, შეგიძლიათ მეც ჩამსვათ დაცვის პროგრამაში ჩემი ფორმალური თანხმობის, ხელმოწერის გარეშე?;
რატომ არ არსებობს ოქმი, რომლითაც დასტურდება, რომ თათუხაშვილი გაექცა მისთვის დაცვის სპეციალური პროგრამით გამოყოფილ დაცვას? რატომ აცხადებს პროკურატურა, რომ თათუხაშვილის გაქცევა ჩაითვალა მისგან დაცვის პროგრამაზე უარის თქმად? რამდენად ნორმალურია ეს? რაღაც სახის ოფიციალური დოკუმენტი ხომ უნდა არსებობდეს, რომ სახელმწიფო აღარ არის პასუხისმგებელი ამ ადამიანის დაცვაზე?;
რამდენად ლოგიკურია, რომ ადამიანი ამბობდეს ზეწოლის გარეშე, კამერების წინ, რომ მას ეშინია ახალაიების შურისძიების, ითხოვდეს სპეციალური დაცვის პროგრამაში ჩასმას, და რამდენიმე საათის შემდეგ გარბოდეს ამ დაცვისგან, ემალებოდეს სახელმწიფო სტრუქტურებს და ამავე დროს, დროს ატარებდეს ლილოში გასართობ კლუბებში?;
პროკურატურა აცხადებს, რომ თათუხაშვილის ოჯახის წევრები არიან ახალაიების გავლენის ქვეშ. თუ შალვა თათუხაშვილი ღიად აცხადებდა, რომ მას ეშინოდა ახალაიების შურისძიების და ითხოვდა სპეციალური დაცვის პროგრამაში ჩასმას, რატომ არ უთხრა ეს ყველაფერი საკუთარ ოჯახს? და რატომ აცხადებს ოჯახი, რომ შალვამ მათ მოუყვა, როგორ აწამეს, კონკრეტული გვარების მითითებით?;
თუ ოფიცერი თათუხაშვილი იყო დაცვის ქვეშ და, ამავე დროს, მისი მამა, გენერალი გოგი თათუხაშვილი საჯაროდ (ფეისბუქზე) აცხადებდა, რომ შვილი მოსტაცეს, რატომ არ შეატყობინეს მას, ან რატომ არ განაცხადა პროკურატურამ საჯაროდ, რომ შალვა თათუხაშვილი იმყოფებოდა დაცვის ქვეშ, რის შემდეგაც მიემალა დაცვას?.

აღნიშნული კითხვების ნაწილი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დაისვა, სადაც დეპუტატებისთვის პასუხების გასაცემად მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე მივიდა. კომიტეტი ხმაურით – ურთიერთშელაპარაკებებისა და რეპლიკების ფონზე წარიმართა. საბოლოოდ კი, შექმნილი მდგომარეობის გამო, გაურკვეველი დროით გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები