სოსო მანჯავიძე: გვინდა, რეფერენდუმი საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდეს

 ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ რეფერენდუმი და საპარლამენტო არჩევნები პარალელურად, 8 ოქტომბერს ჩატარდეს. როგორც „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა სოსო მანჯავიძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმი და საპარლამენტო არჩევნები პარალელურად ჩატარდება, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯი მიზერული იქნება. „გვინდა, რეფერენდუმი საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდეს, რადგან ნებისმიერ ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარდება ფინანსებთან არის დაკავშირებული და თუკი ორივე ერთდროულად, 8 ოქტომბერს მოხერხდება, მაშინ ხარჯი მიზერული იქნება. რეფერენდუმი ნებისმიერ ქვეყანაში მოსახლეობის სიმწიფის მაჩვენებელია და ეს არის ცივილური გზა. აბსურდულობის მიუხედავად, მსოფლიოს 21 ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინება უკვე დაკანონებულია. წინააღმდეგობის მიუხედავად, რეფერენდუმის ჩატარება უნდა მოვახერხოთ და პრობლემა მოვუხსნათ როგორც ჩვენს, ისე მომავალ თაობებს, რადგან რეფერენდუმის შედეგების გაუქმება მხოლოდ რეფერენდუმის გზით არის შესაძლებელი“, -განაცხადა სოსო მანჯავიძემ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს გადაუგზავნა. საქმე ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ეხება, რომლის მიხედვით, რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს: ”თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“. კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს 30-დღიანი ვადა აქვს. ამ 30 დღის განმავლობაში მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რეფერენდუმის დანიშვნის ან რეფერენდუმზე მოტივირებული უარის თქმის შესახებ. პრეზიდენტის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მის ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები