მანანა კობახიძე: შესაძლოა მოსამართლეებზე ზეწოლას თავად გიორგი პაპუაშვილი ახდენდეს
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძე ვარაუდობს რომ მოსამართლეებზე ზეწოლას შესაძლოა თავად გიორგი პაპუაშვილი ახდენდეს, – ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
მისივე განმარტებით, პაპუაშვილი მოქმედებს ”ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთით.
”თუ ვინმე ცდილობს ზეწოლას, გამოიკვეთა, რომ ეს შესაძლოა იყოს თავად გიორგი პაპუაშვილი. ის მოქმედებს არა დამოუკიდებლად, არამედ ბოლო პერიოდში გადაიქცა გარკვეული პოლიტიკური ძალის დავალებების შემსრულებლად. ძალიან სამწუხაროა, რომ პაპუაშვილმა ბოლო პერიოდში მოსამართლის სახე დაკარგა და გვევლინება როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი და არა მოსამართლე, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ თავს და კოლეგებს. აქედან გამომდინარე, ანალიზი უნდა გაკეთდეს და შეფასდეს სიტუაცია ისე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ ინსტიტუტად გამოყენება შედის ”ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებში. ის ცდილობს გარკვეული კრიზისის, დესტაბილიზაციის შექმნას, რაც არ გამოუვიდა იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული მოსამართლე პასუხისმგებლობის მქონეა, მოქმედებს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის დაკვეთით ან მითითებით, ასე რომ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს არ გამოუვიდა”, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, პაპუაშვილმა კოლეგები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.
”ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირება გაგრძელდეს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში. საკონსტიტუციო სასამართლო და მისი თითოეული მოსამართლე არავის წინაშე არ არის ანგარიშვალდებული, გარდა კონსტიტუციისა და კანონისა. ამიტომ, მოსამართლეებმა ინდივიდუალურად და სასამართლოს მთლიანი შემადგენლობის ფორმატში უნდა შეძლონ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება. მე ვურჩევ პაპუაშვილს, რომ პირველ რიგში მისი მხრიდან იყოს კოლეგიალური მიდგომა. მე ვურჩევ, რომ საკუთარი განცხადებების შეფასება, თვითშეფასება მოახდინოს. სასამართლოს და მოსამართლეების მხრიდან რაიმე დადასტურება იმ ფაქტების, რაზეც გიორგი პაპუაშვილი საუბრობს, არ მომხდარა. მან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა კოლეგები”, განაცხადა მანანა კობახიძემ.