საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

“ჩვენ შეშფოთებული და დამწუხრებული ვართ ერევანში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით და მივესალმებით მშვიდობიანი გზით ვითარების დარეგულირებას” , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მსხვერპლის გამო მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე ვითარების სრული დეესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმება.
შეხვედრისას საუბარი ორმხრივი კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას შეეხო. ასევე აღინიშნა სომხეთიდან საქართველოში ვიზიტორთა ზრდის დინამიკა და გამოითქვა დაინტერესება, ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით.
საუბრისას ყურადღება ენერგეტიკის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების საკითხსაც დაეთმო. მხარეები მიესალმებიან მაღალი ძაბვის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ნაყოფიერად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობა და იმედი გამოთქვეს, რომ ამ მიმართულებით არსებული აქტუალური საკითხები უწყებათაშორის ფორმატში გადაწყდება.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები