პრემიერმა ახალი მინისტრების კანდიდატურები აგვისტოს შუა რიცხვებამდე უნდა წარადგინოს

ახალი მინისტრების კანდიდატურები პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აგვისტოს შუა რიცხვებამდე უნდა წარადგინოს.
ამ დრომდე, თავდაცვის მინისტრის მოვალეობას დავით ებრალიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობას კი ქეთევან ციხელაშვილი შეასრულებს.
პრემიერ-მინისტრს ახალი თავდაცვის მინისტრისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დასანიშნად ორკვირიანი ვადა აქვს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის წევრის გადადგომის, ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი ახალ მინისტრს აღნიშნულ ვადაში ნიშნავს.
თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები დღეიდან ოფიციალურად დატოვეს. ორმა ”რესპუბლიკელმა” მინისტრმა პრემიერ-მინისტრს პირველი აგვისტოდან გადადგომის შესახებ განცხადებით, გასულ კვირაში მიმართა. მათ მიერ თანამდებობების დატოვება „ქართული ოცნებისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლითაც აღნიშნული პარტიები საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები