საკონსტუტუციო სასამართლოს მოსამართლეები უგულავასა და „კაბელების საქმის“ განხილვის გადადებას ითხოვენ

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ზაზა თავაძემ გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლო სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა.
ამ შუამდგომლობას მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის განმარტება მოჰყვა.
ფაფიაშვილი განმარტავს, რომ პროცესი მანამდე უნდა გადაიდოს, სანამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიებისგან შესაბამისი რეაგირება არ იქნება.
სხდომის გადადებას ასევე მხარს უჭერს კიდევ ორი მოსამართლე – ოთარ სიჭინავა და მერაბ ტურავა. თუმცა, მოსამართლეების ამ შუამდგომლობას მოსარჩელე მხარის ადვოკატი ლევან სამუშია ეწინააღმდეგება და სხდომაზე თავისი პოზიცია დააფიქსირა.
ადვოკატი სხდომის გაგრძელებას ითხოვს.
“არ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლომ გადადოს საქმის განხილვა, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს ზედამხედველი არცერთი ორგანო არ არის და აპელირება იმაზე, რომ სანამ პროკურატურა საქმის გამოძიებას არ დაასრულებს, მანამ პროცესი არ უნდა განახლდეს, ეს არის არასამართლიანი მსჯელობა და პირდაპირი აღიარება იმისა, რომ პროკურატურა და სხვა სახელმწიფო ორგანოები ზეგალენას ახდენენ საკონსტიტუციო სასამართლოზე. გამოდის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იქნება პარალიზებული, სანამ პროკურატურა გამოძიების შედეგებს არ დადებს, ხოლო უნდა აღინიშნოს, რომ პროკურატურას გამოძიების წარმოებისათვის ვადა არ გააჩნია”, – აღნიშნა ლევან სამუშიამ.
პარლამენტის წარმომადგენელი თამარ მესხია ეთანხმება ოთხი მოსამართლის პოზიციას სხდომის გადადების თაობაზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თვმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა 10-წუთიანი შესვენება გამოაცხადა, რომლის შემდეგაც გახდება ცნობილი, გადაიდება თუ არა საქმის განხილვა. უგულავა/კაბელების გაერთიანებულ სარჩელზე საქმე ეხება სსკ 182-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის განმარტებას, რომელიც გაფლანგვას ეხება.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ ზეწოლა მიმდინარეობს. ამ განცხადების საფუძველზე, გუშინვე მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საგამოძიებო უწყება მზად არის, გიორგი პაპუაშვილს მოუსმინოს და პროკურატურაში ზეწოლის კონკრეტული ფაქტები წარმოადგინოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები