“თურქეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალური ყურადღება ექცევათ”
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, თურქეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალური ყურადღება ექცევათ, – ამის შესახებ გიგი გიგიაძემ პოლიციის მკვლელობისთვის დაკავებული 5 ქართველის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„ჩვენი საელჩო ჩართულია ამ საკითხში. საკონსულოს თანამშრომლები გაემგზავრნენ ადგილზე შემთხვევის პირველივე წუთებიდან. მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევას მაქსიმალური ყურადღება ექცევა და დაკავებულ ადამიანებსაც, რა თქმა უნდა“, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.
შეგახსენებთ, რომ პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით თურქეთში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულები ავტომობილის გაძარცვას ცდილობდნენ, პოლიციელმა კი მათი შეჩერება სცადა, რა დროსაც მას სასიკვდილო ჭრილობები ყელისა და მუცლის არეში მიაყენეს. სამართალდამცავი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.