“ავარიის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი სამის კი მძიმე რჩება”

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი სამის კი მძიმე რჩება. მინისტრმა, ასევე, სამძიმარი გამოუცხადა ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილების ოჯახებს და მათ ახლობლებს.
„რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა მკურნალობას გადიან, ერთი მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი სამის კი რჩება მძიმედ. რაც შეეხება გუშინ, სოციალურ ქსელებში გავრცელებული პანიკის მცდელობებს, როცა მობილიზაციას აცხადებდნენ სისხლის პროდუქტებზე, გიდასტურებთ, რომ არც ერთ ეტაპზე, არც ერთი სამკურნალო კომპონენტის დეფიციტი არ ყოფილა, მათ შორის სისხლის პროდუქტების“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. მისივე ინფორმაციით, დღეს დილით, კონსილიუმი გაიმართება და უკვე შუადღისთვის იქნება სამოქმედო გეგმა. „გვიან ღამით იქ ჩავიდა სპეციალისტების ჯგუფი. ვფიქრობ, რომ დილის საათებში გაიმართება კონსოლიუმი და შუადღისთვის გვექნება სამოქმედო გეგმა. რაც შეეხება გადმოყვანას, ამის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას, რადგან სადაც არიან, მათ მკურნალობა კვალიფიციურად უტარდებათ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. ქუთაისი-სამტრედიის გზაზე გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, გიორგი ლომინაძის კი კვლავ მძიმე რჩება. ექიმების განცხადებით, უკიდურესად მძიმეა მათი მეუღლეების ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები