„დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში 100-ზე მეტი განაცხადია წარდგენილი

„დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში 100-ზე მეტი ბიზნესიდეაა წარდგენილი, მათ შორის დიდი ნაწილი რეგიონებიდან. პროგრამაში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება 17 ივნისიდან დაიწყო და გაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ემსახურებიან ტექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაც განთავსებულია პროგრამის ფრონტ-ოფისი. ასევე მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი +995 322900030.

პროგრამით დაინტერესებული პირებისთვის პერიოდულად იმართება ღია კარის დღე, სადაც ბიზნესიდეის ავტორებს საშუალება აქვთ კითხვა პასუხის რეჟიმში მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. მომდევნო ღია კარის დღე ტექნოპარკში 28 ივლისს, 19 საათზე გაიმართება.

მოსახლეობის უკეთ ინფორმირებისთვის, პროგრამის კოორდინატორებმა პრეზენტაციები სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და რაჭის რეგიონებში გამართეს.

პროექტში გამარჯვებული კონკურსის წესით შეირჩევა. მიღებული განაცხადების განხილვა აგვისტოს ბოლომდე დასრულდება, შესაბამისად სექტემბრის დასაწყისში გამოცხადდება გამარჯვებული პროექტების სია. რაც შეეხება დაფინანსების ეტაპს, კონტრაქტების გაფორმება და თანხების გადარიცხვა სექტემბერში დაიწყება.

„დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის“ მიზანია მათ ვისაც არ აქვს ფინანსური სახსრები მიეცეთ უნიკალური შანსი განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.

პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.

პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირი ან პირთა ჯგუფი, ვისაც აქვს სიახლეზე ორიენტირებული და პერსპექტიული ბიზნეს წინადადება და მისი განხორციელებისთვის ესაჭიროება საწყისი დაფინანსება.

საპარტნიორო ფონდის მიერ სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია “სტარტაპ საქართველო“ თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად შექმნის ახალ კომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდი კაპიტალის სახით შეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ამ მოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობის სახით, მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ის ოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლო მისი ბიზნეს იდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულ მცირე 45%-იანი შენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანი თანხობრივი თანამონაწილეობის პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება 50%-იანი ან მეტი წილის მფლობელი ახალ კომპანიაში. ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილი ერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით ან მოიძიოს სხვა ინვესტორები.

უნიკალური ინოვაციური იდეის შემთხვევაში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მაქსიმუმ 100 000 ლარის ოდენობით დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს. ასეთ დროს ბენეფიციარს აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისი წილი კომპანიაში 95% იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები