გიორგი მარგველაშვილი უახლოეს მომავალში გიორგი პაპუაშვილს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს შეხვდება.
როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ახლახან შედგა სატელეფონო საუბარი გიორგი მარგველაშვილსა და გიორგი პაპუაშვილს შორის, რა დროსაც პრეზიდენტი დაინტერესდა იმ განცხადებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დღეს გააკეთა.
„განცხადების გაკეთებისთანავე დაუყონებლივ შედგა სატელეფონო საუბარი და ზარის ავტორი იყო საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლო, ეს არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტი. შესაბამისად, გულისყურით უნდა მოვეკიდოთ ყველა იმ განცხადებას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენის მოხდენას და მასზე ზემოქმედებას ეხება. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შესთავაზა დახმარება, არის თუ არა მყისიერი ჩარევა საჭირო ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რაზეც თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამის საჭიროება დღეს არ არის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მისივე თქმით, სატელეფონო საუბრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში მათ შორის შედგება შეხვედრა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები