გედევან ფოფხაძე იგორ გიორგაძეზე: ეპითეტი „არაჩვეულებრივი“ მის მიმართ არ გამომიყენებია

დეპუტატი გედევან ფოფხაძე, მედიაში გავრცელებული ინტერვიუს შესახებ, სადაც ის იგორ გიორგაძეს “არაჩვეულებრივ ადამიანს” უწოდებს, ამბობს, რომ დამონტაჟებულია. მისი თქმით, აღნიშნული შეფასება მას გიორგაძის მიმართ არ გამოუყენებია.
გედევან ფოფოხაძის განცხადებით, გიორგაძის პოლიტიკური წარსული მისთვის მისაღები არ არის.
„სიტყვა „არაჩვეულებრივი“, ასეთი შეფასებითი კატეგორია ბატონი იგორის მიმართ მე არ გამომიყენებია. შეიძლება ცოტა გაუმართავად ვისაუბრე და ვთხოვ საზოგადოებას, მომიტევოს. ფრაზა დავასრულე სიტყვით არა და შემდეგ ვთქვი „ჩვეულებრივი ადამიანი“, მის მიმართ იქნება იგივე სამართლებრივი რეჟიმი, როგორც სხვა ადამიანის მიმართ. ეპითეტი – “არაჩვეულებრივი“ მის მიმართ არ გამომიყენებია, ნამდვილად მგონია, რომ ეს ეპითეტი უფრო ადეკვატურია მწერლების პოეტებისა და ისტორიული პერსონაჟების მიმართ. ვაღიარებ, რომ არც მისი პოლიტიკური წარსული ჩემთვის გასაზიარებელი არ არის, მაგრამ თუ სამართლებრივი დევნის მექანიზმი არ გააჩნიათ სამართალდამცავ ორგანოებს, ახლა ვარშალომიძის პოლიტიკური შეხედულებებიც არ მომწონს, მაგრამ თუ არ აქვთ სამართალდამცავ ორგანოებს პრეტენზიები, ის ჩამოდის და თავის აქტიურობას ახორციელებს“,-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
იმის გამო, რომ საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრ იგორ გიორგაძეს მინიჭებული ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი, ინტერპოლმა ძებნა შეწყვიტა.
თავის მხრივ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ ყველა საშუალებას მიმართავენ, რათა იგორ გიორგაძის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა აღდგეს.
„საქართველოს პროკურატურა მისი კომპეტენციის ფარგლებში გაატარებს ყველა ზომას და მიმართავს ყველა საშუალებას, რათა იგორ გიორგაძის მიმართ აღდგეს წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა“,-აღნიშნავენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები