ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე იგორ გიორგაძის ჩამოსვლა საქართველოში მიზანშეწონილი არ იქნება

სანამ სასამართლოს მიერ არ იქნება განხილული ობიექტურად საქმე, ვფიქრობ, იგორ გიორგაძის ჩამოსვლა საქართველოში მიზანშეწონილი არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ადვოკატმა განმარტა, კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, რომ ძებნილი პირის მიმართ საქმის განხილვა მის დაუსწრებლად განხორციელდეს. მისივე თქმით, დაცვის მხარეს აქვს მოლოდინი, რომ იგორ გიორგაძის მიმართ, ობიექტური და სამართლიანი სასამართლო განხილვების შემთხვევაში, ის გამართლდება.
”იგორ გიორგაძის მიმართ არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი. ის ამჟამად ბრალდებულის მაღალი სტატუსის მქონე პირია. შესაბამისად, სასამართლო გამოძიების პროცესში უნდა დადასტურდეს, ან უარყოფილი იქნეს ის ბრალი, რომელიც მას წარდგენილი აქვს. სამართლიანი განხილვის პირობებში იგორ გიორგაძის უდანაშაულობის დადასტურება გარანტირებულია”, – განაცხადა მოსიაშვილმა.
იმის გამო, რომ საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრ იგორ გიორგაძეს მინიჭებული ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი, ინტერპოლმა ძებნა შეწყვიტა. თავის მხრივ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ ყველა საშუალებას მიმართავენ, რათა იგორ გიორგაძის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა აღდგეს. „საქართველოს პროკურატურა მისი კომპეტენციის ფარგლებში გაატარებს ყველა ზომას და მიმართავს ყველა საშუალებას, რათა იგორ გიორგაძის მიმართ აღდგეს წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა“,- აღნიშნავენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები