ბიძინა გუჯაბიძე: იგორ გიორგაძემ ბევრი ცოდვა ჩაიდინა წარსულში

„იგორ გიორგაძეს ბევრი ცოდვა აქვს ჩადენილი წარსულში. იგი კანონიერად არჩეულ და ლეგიტიმურ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ედუარდ შევარდნაძესთან ერთად დევნიდა. ახალ ამის აღიარებაც არაფერს ცვლის“, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „კონსერვატიული პარტიის“ წევრმა, პარლამენტარმა ბიძინა გუჯაბიძემ.
მისი აზრით, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, საქართველოში დაბრუნდეს და თუკი მას თავისი ქმედებით რაიმე პოზიტიურის გამოვლენა შეუძლია, მისასალმებელი იქნება.
„ალბათ, უნდა გაირკვეს მისი წარსული ცხოვრებიდან, რამდენად იყო მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები და რამდენად პატიობს ამას საქართველოს ხელისუფლება და ხელისუფლების ის ნაწილი, რომელიც სამართლებრივ სფეროს განაგებს. საზოგადოებაში ეს კითხვები არსებობს და საზოგადოება დაინტერესებულია, ვინ რა ჩაიდინა წარსულში. მხედველობაში არ მაქვს შევარდნაძეზე მოწყობილი ტერაქტი, არამედ კანონიერი ხელისუფლების დევნის ფაქტი“, – განაცხადა ბიძინა გუჯაბიძემ.
იმის გამო, რომ საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრ იგორ გიორგაძეს მინიჭებული ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი, ინტერპოლმა ძებნა შეწყვიტა.
თავის მხრივ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ყველა საშუალებას მიმართავენ, რათა იგორ გიორგაძის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა აღდგეს.
„საქართველოს პროკურატურა მისი კომპეტენციის ფარგლებში გაატარებს ყველა ზომას და მიმართავს ყველა საშუალებას, რათა იგორ გიორგაძის მიმართ აღდგეს წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა“,-აღნიშნავენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები