ხათუნა ლაგაზიძე ფონდ “იავნანას” ფინანსებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს

პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრი ხათუნა ლაგაზიძე ფონდ “იავნანას” ფინანსებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.
ლაგაზიძე აცხადებს, რომ პარტიის ფინანსები გამჭვირვალეა, რაც შეეხება ფონდს, ის აცხადებს,რომ აღნიშნულის შესახებ ვერაფერს იტყვის.
“აღნიშნულთან დაკავშირებით ფონდს დავუკავშირდით. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ პარტიას რაც ფინანსები ხმარდება, არის აბსოლუტურად შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან და გამჭვირვალეა. პარტიის ფინანსები გამჭირვალეა და ნებისმიერი ინფორმაცია ამის თაობაზე მიეწოდება იმ სტრუქტურებს, რომელსაც ეხება”,- განაცხადა ლაგაზიძემ.
ფონდ “იავნანას“ ფინანსებთან დაკავშირებით სტატია დღეს გაზეთმა “ახალმა თაობამ“ გამოაქვეყნა. სტატიის ავტორი ინტერესდება, რეალურად რა თანხები მიიღო პაატა ბურჭულაძის ფონდმა 2004 წლიდან მოქალაქეების შეწირულობებით და რა თანხები დაიხარჯა რეალურად შეჭირვებული თანამოქალაქეების დახმარებაზე.
როგორც ჟურნალისტი წერს, ინფორმაცია ფინანსური დოკუმენტაციის შესახებ, ანუ რამდენი თანხა შეიტანეს ამ ფონდში ჩვენმა მოქალაქეებმა და როგორ დაიხარჯა ეს თანხა, პარტიას არსად აქვს განთავსებული. გამოცემა აპირებს, რომ შესაბამისი კითხვებით საგადასახადო ორგანოებსაც მიმართოს.
“ყველა შესაძლო კითხვაზე პასუხის მისაღებად ფონდ “იავნანას” მიერ წარმოებული ფინანსური ოპერაციების შესახებ კითხვით საგადასახადო ორგანოებსაც მივმართავთ და იმედია, ამ გზით მაინც შევძლებთ, ნათელი მოვფინოთ და გავარკვიოთ, რა თანხები ირიცხებოდა ჩვენი მოქალაქეებისგან ფონდის ანგარიშებზე და რეალურად იხარჯებოდა თუ არა ეს ფული ქველმოქმედებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ საკითხს ნათელი მოვფინოთ, რადგან ეს იმ ტიპის საქმეა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების სათუთ გრძნობებს, სამომავლო ურთიერთობასა და სოლიდარობას. ჩვენ გავაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას და ასევე სიამოვნებით დავუთმობთ ჩვენი გაზეთის ფურცლებს ბატონ პაატას განმარტებებისთვის“,- წერს “ახალი თაობა“.
წყარო: pia.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები