კიბერდანაშაული მზარდ საფრთხეს წარმოადგენს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის

საქართველოს მთავარ პროკურატურაში კიბერდანაშაულის საერთაშორისო საკონტაქტო ქსელის 24/7-ის ფარგლებში თანამშრომლობის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას, რომელიც ორი დღე გრძელდებოდა, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის განკუთვნილი კიბერდანაშაულის პროექტის (Cybercrime @EAP 2) ფარგლებში ჩატარდა.
შეხვედრაზე უცხოელმა და ქართველმა ექსპერტებმა ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმები, საქართველოში კიბერდანაშაულის საერთაშორისო საკონტაქტო ქსელის 24/7-ის ფუნქციონირება, სამართალდამცავი უწყებების როლი.
ასევე იმსჯელეს ქართული საკანონდებლო ნორმების დახვეწაზე. ქართველ პრაქტიკოსებს გამოცდილება ლატვიიდან, ნორვეგიიდან და ესტონეთიდან მოწვეულმა ექსპერტებმა გაუზიარეს.
შეხვედრას, პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კიბერდანაშაული მზარდ საფრთხეს წარმოადგენს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოები მომზადებული შეხვდნენ ახალ სირთულეებსა და გამოწვევებს. ანალოგიური ღონისძიებები კი ხელს უწყობს წარმატებული პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას, რაც საქართველოს დაეხმარება კიდევ უფრო მეტად ეფექტური და საიმედო საერთაშორისო პარტნიორი გახდეს კიბერდანაშაულთან ბრძოლაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები