„არსებობდა ეჭვი, რომ გიულენისა და გიული ალასანიასთან დაკავშირებულ სასწავლო დაწესებულებებში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კოლექტივი არ იყო“

პოლიტიკური პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია მიიჩნევს, რომ ფეთჰულაჰ გიულენის დაფინანსების საფუძველზე საქართველოში მოქმედი 18 საგანმანათლებლო დაწესებულება შესწავლის საგანი უნდა გახდეს.
როგორც ჯონდი ბაღათურიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში მოქმედი სასწავლო დაწესებულებები კითხვის ნიშნის ქვეშ უკვე დგას.
მისივე თქმით, თურქეთის გენერალურმა კონსულმა საკმაოდ არადიპლომატიური, მაგრამ რადიკალური განცხადება გააკეთა, სადაც პირდაპირ თქვა, რომ შაჰინის სახელობის დაწესებულებაში, რომელიც გიულენის ფინანსურ წყაროს მიეკუთვნება, ტერორისტების გადამზადება ხდება.
„2012 წელს, ჩვენ მიერ შეკრებილი მასალები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას ეხებოდა, პროკურატურას გადავუგზავნე. როცა პროკურატურამ სააკაშვილის ბებიის 20 წლის ნახმარი ქოლგა, რომლის ფასი 1000 დოლარი იყო და ნახმარი პალტო ქილიკის საფუძველი გახადა, ამ დროს უკვე თაროზე ჰქონდათ შემოდებული მასალა, სადაც სააკაშვილის ყველა ოჯახის წევრის ქონების 300 მილიონის ნუსხა იყო ჩამოთვლილი და მათ შორის, სასწავლო დაწესებულებების. თუმცა, მხოლოდ ამ ბიზნესით არ არის გიული ალასანია დაკავებული. მიხეილ სააკშვილის პრეზიდენტობით ყველაზე კარგად გიული ალასანიამ იხეირა“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
მისივე თქმით, ყოველთვის არსებობდა ეჭვი, რომ გიულენისა და გიული ალასანიასთან დაკავშირებულ სასწავლო დაწესებულებებში მაინცდამაინც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კოლექტივი არ იყო შეკრებილი და რაღაც საეჭვო ხდებოდა.
„ყველა ექსცესი, რაც რელიგიურ ნიადაგზე საქართველოში ხდებოდა, აშკარად ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ პრობლემა ხელოვნურად იყო შექმნილი. რამდენჯერაც ამ საკითხით დავინტერესდით, იმდენჯერ აღმოჩნდა, რომ ყველგან ტივტივდებოდნენ ადამიანები, რომლებიც „თურქული ვერცხლით“ ფინანსდებიან“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები