რას ყვება მოქალაქე, რომელიც აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან სროლას შეესწრო

მოქალაქე, რომელიც აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან მომხდარ სროლას შეესწრო, ნანახის შესახებ ყვება. ვლადიმერ შენგელია ამბობს, რომ ერთ-ერთმა პირმა, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ 7-8, ხოლო მეორემ 2-3 გასროლა განახორციელა.
„ის, რომელმაც ისროლა, ჩვენს გვერდით იყო ვესტიბიულში და საუბრობდა იმაზე, რომ რა საჭირო იყო ჩემი ასეთი ძებნაო, მეც ხომ თანამშრომელი ვარო. გავიდა რამდენიმე წუთი და გავიგონეთ გასროლის ხმები. მანქანა გაჩერდა, გადმოვიდა ორი პიროვნება, ეს ზურგიდან მიუახლოვდა და რამდენიმე გასროლა განახორციელა. მეორე პირი, ვინც ახლდა, ამას ესროლა. ორმხრივი სროლა იყო. 7-8 გასროლა განახორციელა ერთმა, 2-3 კი – მეორემ“, – აცხადებს ვლადიმერ შენგელია.
შეგახსენებთ, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად დაჭრილი არჩილ მამაგეიშვილი ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა. მას რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
რაც შეეხება პირს, რომელმაც არჩილ მამაგეიშვილს ესროლა, გია ბარამიძის ყოფილი მოადგილე ავთანდილ ანთიძეა. მას ერისთავის სახელობის საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.
შემთხვევის დროს მამაგეიშვილს სოდის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი ახლდა, რომელმაც, მამაგეიშვილის დაჭრის შემდეგ, ანთაძეს ესროლა.
„კვირასთვის“ ცნობილი გახდა, რომ ანთაძეს მამაგეიშვილის ვალი ჰქონდა, რომლის რაოდენობაც 100 ათასს აღემატებოდა.
„კვირას“ ინფორმაციით, დაპირისპირება მოვალესა და კრედიტორს შორის მოხდა. თავდაპირველად ცეცხლი ავთანდილ ანთაძემ გახსნა. „კვირას“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ანთაძე 2004 წელს, გიორგი ბარამიძის შს მინისტრობის დროს, მისი მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა. მას მეუღლე და სამი შვილი ჰყავს.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108 (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები