„ბათუმში ჩვენი გენერალური კონსულის ინტერვიუ დამახინჯებულად იყო წარმოდგენილი მედიაში“

ბათუმში ჩვენი გენერალური კონსულის ინტერვიუ დამახინჯებულად იყო წარმოდგენილი მედიაში, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა ლევენთ გუმრუქჩუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მე მას ვუთხარი, რომ ბათუმში ჩვენი გენერალური კონსულის ინტერვიუ დამახინჯებულად იყო წარმოდგენილი მედიაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო მისი განცხადებით არასწორი ინტერპრეტაცია. ნებისმიერ შემთხვევაში, არც მას და არც ჩვენ არ გვითქვამს, რომ ისინი, ვინც დადიან საქართველოში ამ კონკრეტულ სკოლებში განათლების მისაღებად, ან ამ სკოლების კურსდამთავრებულები, არიან ტერორისტები, ეს სრული გაუგებრობაა. მეორე მხრივ, ჩვენ გავუზიარეთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს ჩვენი შეშფოთება ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის საერთაშორისო ქმედებების, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ გარკვეულ სკოლებთან მათი კავშირებისა და ამ სკოლების მართვის გამო. როგორც სხვა მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებში, ჩვენ ვაგრძელებთ ასეთი საკითხების განხილვას საქართველოს შესაბამის ორგანოებთან იმ შესანიშნავი თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც უკვე არსებობს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების საკითხებში”, – განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემიზქანმა თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის კომენტირებისას ტელეარხ „25“-ის ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა, რომ ბათუმში, შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები