ზაზა წურწუმია: იჯერლიკის სამხედრო ბაზაზე განლაგებულ ატომურ იარაღთან დაკავშირებით საფრთხე არ რჩება

 

თურქეთმცოდნე, პროფესორ ზაზა წურწუმიას შეფასებით, თურქეთში მომხდარი მოვლენების შემდეგ, იჯერლიკის სამხედრო ბაზაზე განლაგებულ ატომურ იარაღთან დაკავშირებით საფრთხე არ რჩება, თუმცა მისივე თქმით, საფრთხე არის ის, რომ ამ ბაზის ხელმძღვანელი გარეული აღმოჩნდა სამხედრო ამბოხში ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ.
„ეს არის შემაშფოთებელი და ექსტრაორდინალური ფაქტი, რადგან საქმე ეხება სამხედრო ბაზას, რომელზეც განლაგებულია ატომური იარაღი“, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ზაზა წურწუმიამ.
მისი თქმით, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც გლობალური კუთხით, ასევე საქართველოსთვის, როგორც მეზობელ და სტრატეგიულად მოკავშირე ქვეყნისთვის.
„საგარეო პოლიტიკური შედეგები გაამწვავა იმან, რომ, ერთი მხრივ, თურქეთი არის ნატოს წევრი და ყველა ასეთი კატაკლიზმი თურქეთში ნატოს შეშფოთებას იწვევს, მეორე მხრივ, გაუგებრობა შეიქმნა თურქეთსა და აშშ-სთან, რაც, სავარაუდოდ, კონფრონტაციაში არ გადაიზრდება.
საქმე ეხება ორ ფაქტორს: იჯერლიკის სამხედრო ბაზას და აშშ-ში მყოფ თურქ რელიგიურ ლიდერს, ფეთჰულაჰ გიულენს. სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც ამბოხებულთა განკარგულებაში იყო და ბომბავდა ანკარას, სტამბოლს, პარლამენტს, პრეზიდენტის სასახლეს, მშვიდობიან მოსახლეობას, ცხრა საათის განმავლობაში ჰაერში იყო და მათი საწვავით მომარაგებას იჯერლიკის სამხედრო ბაზიდან ხდებოდა, რომლის მეთაური დაპატიმრებულია“, – განაცხადა წურწუმიამ.
მისი ინფორმაციით, ამ ბაზაზე ატომური იარაღი განლაგებულია აშშ-ს მიერ. სხვადასხვა შეფასებით, სულ 40-50 ატომური ბომბი, რომლის ტრანსპორტირება შეუძლიათ ამერიკული სამხედრო ხომალდებს და იჯერლიკის სამხედრო ბაზა მდებარეობს თურქეთ-სირიის საზღვრიდან 100 კმ-ში.
„გარემოება, როდესაც ამ ბაზიდან ქვეყნის პრეზიდენტთან შეუთანხმებლად ხდება სამხედრო გადატრიალებისადმი უმაღლეს დონეზე მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, შეშფოთებას იწვევს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ატომური იარაღის შენახვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თურქეთის მხარეს, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ, რა თქმა უნდა, მასში ჩართული მეთაური საგანგაშო საფრთხეს ქმნიდა“, – განაცხადა ზაზა წურწუმიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები