ლტოლვილთა სამინისტრო დევნილებს მოუწოდებს – „ბინების განაწილება ხდება კომისიურად და თაღლითებს არ ენდოთ“

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დევნილებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და თაღლითობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ სამართალდამცავ სტრუქტურებს, ან სამინისტროს.
სამინისტრო ასევე კატეგორიულად აფრთხილებს დევნილებს, რომ ბინების გადანაწილება ხდება კომისიური წესით და თაღლითური სქემის დაზარალებულები არ აღმოჩნდნენ.
როგორც დევნილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ლათიბაშვილმა, შსს-ში გამართულ პრესკონფერენციაზე თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, 2012 წლიდან დღემდე თაღლითობის 7 ფაქტია გამოვლენილი.
„ინფორმაცია თაღლითური ჯგუფის მოქმედების შესახებ ჩვენმა ბენეფიციარმა დევნილმა მოგვაწოდა. მივმართავ დევნილ მოსახლეობას და საზოგადოებას, არ დაუჯერონ მსგავს შემოთავაზებას. ბინების განაწილება ხდება კომისიურად, ღიად და გამჭვირვალედ. მოვუწოდებთ დევნილებს, რომ თაღლითობის არსებობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ სამართალდამცავ სტრუქტურებს და სამინისტროს. ანონიმურობა დაცული იქნება“, – განაცხადა ზვიად ლათიბაშვილმა.
სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. ისინი ცდილობდნენ აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონისთვის გაეწიათ მომსახურება და მოემატებინათ ქულები რიგის გარეშე, რაც საშუალებას მისცემდა მას, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ოლიმპიურ ქალაქში ბინის მიღებაზე. ამის სანაცვლოდ ბრალდებულებმა ქალბატონს 15 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები