ზაზა წურწუმია: თურქეთში მომხდარი მოვლენების გამო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პანიკის საფუძველი არ არსებობს

თურქეთმცოდნე ზაზა წურწუმიას შეფასებით, მეზობელ სახელმწიფოში მომხდარი მოვლენების გამო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პანიკის და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ ზაზა წურწუმიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ხელისუფლების მხრიდან პანიკისა და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. თურქეთი დიდი ქვეყანაა, მას ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს, როგორც გაირკვა, ჰყავს ძალიან დემოკრატიული და თავისუფლებისმოყვარე ხალხი, რომელიც მსგავს პრეცედენტს აღარ დაუშვებს. ვფიქრობ, საზღვრის ჩაკეტვა და მოვლენების დრამატიზაცია საჭირო არ არის,“- განაცხადა ზაზა წურწუმიამ.
მისი ვარაუდით, თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა სხვა შედეგებით დასრულების შემთხვევაში, საქართველოზე ძალიან ცუდად აისახებოდა.
„ჩვენს ექსპერტებს, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, თურქეთის შიდა პოლიტიკა მიმოიხილონ, გამორჩათ ერთი ფაქტორი, მაგრამ ცოტა დაფიქრებაა საჭირო, რომ სხვა ქვეყნის შიდა მოვლენები საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა განვიხილოთ. თურქეთში ასეულათასობით ქართველი, ლაზი და აფხაზი ცხოვრობს, მათ კულტურული საზოგადოებები აქვთ შექმნილი. ეს ხალხი ერდოღანის პირობებში ძალიან კარგად გამოხატავს თავის კულტურულ მოთხოვნილებებს, მიმდინარეობს გვარების დაბრუნების პროცესი, რამდენიმე უნივერსიტეტში მოქმედებს ქართული ენის შესწავლის კურსი. სამხედრო რეჟიმის პირობებში ადამიანების უფლებები ირღვევა და ითრგუნება, რაც საფრთხეს მიაყენებდა, პირველ რიგში, იქ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. არ არის გამორიცხული, ათასობით ჩასულ საქართველოს მოქალაქესაც. ჩვენ ვიცით, რომ ახლო წარსულში ქართველებს თურქეთში ქართულ ენაზე ლაპარაკიც კი ეკრძალებოდათ და ეს სწორედ სამხედროებთან იყო დაკავშირებული“,- განაცხადა მან.
თურქეთმცოდნეს თქმით, როცა გლობალური მოვლენა ხდება, წინასწარ ვერავინ განჭვრეტს, რა მოხდება მომავალში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები