„წინასაარჩევნოდ მეც წამომიყენეს პირობა – „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვება და ”ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობა“
წინასაარჩევნოდ მეც წამომიყენეს პირობა – „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვება და ”ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, მისთვის აღნიშნული წინადადება მიუღებელი იყო.
„არჩევნებში „რესპუბლიკელებისა“ და ”ქართული ოცნების” წარმატების შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, საქმის ერთად კეთება განვაგრძოთ, თუმცა წინასაარჩევნოდ მეც წამომიყენეს პირობა – „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვება და ”ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობა, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. პოლიტიკაში კონკურენცია აუცილებელია – სხვას უნდა აჯობო და ასე წახვიდე წინ, ”ქართული ოცნება” კი ამბობს, ერთი კარგი პარტია გავაკეთოთ და ქვეყანა წინ წავიყვანოთო. ეს უფრო პოსტსაბჭოური პროცესია, რაც სახარბიელო შედეგს არ მოიტანს, ამაში დარწმუნდა, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე „მოქალაქეთა კავშირი“ და “მრგვალი მაგიდა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
კითხვაზე, თანამშრომლობის მთავარ პირობად ”ქართულ ოცნებაში” გაწევრიანების შეთავაზებას რამდენად ჰქონდა ულტიმატუმის ფორმა, უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ ”არა”. “ულტიმატუმი არა, ეს იყო მსჯელობაში სიცხადის შეტანისას გამოთქმული წინადადებები. არცერთ ეტაპზე ჩემსა და კვირიკაშვილს ან რომელიმე „რესპუბლიკელს“ შორის ურთიერთობა ოდნავადაც არ დაძაბულა“,- აცხადებს უსუფაშვილი.