ოპოზიციური საექსპერტო ველისაგან განსხვავებით, მთლიანად გამართლდა სებ-ის პროგნოზები სავალუტო რეზერვებთან მიმართებაში, რაც თავის მხრივ, მონეტარული პოლიტიკის სწორ და გონივრულ სტრატეგიაზე მიუთითებს, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია.
„ოპოზიციური საექსპერტო თვალსაზრისი რომ ხშირად სუბიექტურია და პოლიტიკური კონიუნქტურით იკვებება, საერთაშორისო რეზერვების შევსების დონამიკაც ცხადყოფს.
როდესაც გასული წლის შემოდგომაზე, სებ-მა სავალუტო ბაზარზე 600 მილიონ აშშ დოლარამდე სავალუტო ინტერვენციები განახორციელა, ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური გამოსვლების შედეგად, სავალუტო აჟიოტაჟის ჩასაცხრობად, კეთდებოდა არაერთი კომენტარი რეზერვების დაცლაზე და მოსალოდნელ კატასტროფაზე, რასაც რეზერვების კრიტიკულ ნიშნულამდე შემცირება და ეკონომიკური ვარდნა უნდა მოჰყოლოდა 2025 წლისათვის. სახელდებოდა ცალკეული პროგნოზებიც, რომ რეზერვების არათუ შევსება ვეღარ მოხდებოდა, ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების და მოსალოდნელი საერთაშორისო იზოლაციის გამო, არამედ 3 მლრ აშშ დოლარამდე შემცირდებოდა.
ამ დამუქებულ სცენარებს რამდენიმე ავტორი ჰყავდა, წინა ხელისუფლების ყოფილი პრემიერის თუ ასევე „ნაციონალების“ მმართველობის პერიოდში ყოფილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტების სახით. ვგულისხმობ გილაურსაც, გიორგი ქადაგიძესაც და რომან გოცირიძესაც. ბატონი გილაური უფრო შორსაც მიდიოდა და უკვე ამ წლის პირველ კვარტალში ეკონომიკის სრულ ჩამოშლას პროგნოზირებდა.
ვფიქრობ, მაისის სტატისტიკამ ყველა კითხვაზე პასუხი გასცა. წლის დასაწყისიდან მაისის ჩათვლით, სებ-მა მარტო Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები შეავსო 613 მილიონი აშშ დოლარით ანუ ფაქტობრივად გასული წლის ინტერვენციებამდე მდგომარეობას დაუბრუნდა.
მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ და სავალუტო ბაზარზე წარმოქმნილმა პოზიტიურმა ტრენდმა, სებ-ს საშუალება მისცა განეხორციელებინა წმინდა შესყიდვები: მარტში – Bmatch-ით წმინდა შეესყიდა 101.7 მილიონი აშშ დოლარი, აპრილში – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი იყო, ხოლო მაისში – Bmatch-ით წმინდა შესყიდვამ 245.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რის შედეგადაც ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა მაისის მდგომარეობით 4.6 მლრდ დოლარს შეადგენს!
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. იმ განსხვავებით, რომ ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდება მოკლევადიანი სავალუტო აჟიოტაჟების განეიტრალებას ემსახურება, შესაბამისად, რეზერვების შემცირება დროებით ხასიათს ატარებს, ხოლო დადებით ეკონომიკურ ტრენდებს რეზერვების შევსებით ახორციელებს. ოპოზიციური საექსპერტო ველისაგან განსხვავებით, მთლიანად გამართლდა სებ-ის პროგნოზები სავალუტო რეზერვებთან მიმართებაში, რაც თავის მხრივ, მონეტარული პოლიტიკის სწორ და გონივრულ სტრატეგიაზე მიუთითებს.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დღევანდელი მაჩვენებელი რომ მაქსიმუმი არ არის, ამას ჩვენ უკვე მომავალ თვეში ვნახავთ, მაღალი ეკონომიკური ზრდა და სავალუტო ბალანსი, რაც სტაბილურ გაცვლით კურსშია ასახული ამის საშუალებას თავისუფლად იძლევა, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 25 ივლისს გამოაქვეყნებს“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.