დავით კინწურაშვილი: გვერდით გადავდოთ ემოციები და ღირსეულად დავხუროთ თეატრალური სეზონი
„მოვუწოდებ მოდავე მხარეს, ჩვენს პატივსაცემ თანამშრომლებს, გვერდით გადავდოთ ემოციები და ღირსეულად დავხუროთ თეატრალური სეზონი „ – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დავით კინწურაშვილს მიაჩნია, რომ ოპერას სახელმწიფო ოპერის თეატრის სეზონი სპექტაკლით ,,აბესალომ და ეთერი” არ უნდა იხურებოდეს.
„მე, როგორც საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს მიმაჩნია, რომ 17 ივლისისთვის დაგეგმილი სეზონის დახურვა სპექტაკლით ,,აბესალომ და ეთერი” არ უნდა გადაიდოს. სამწუხაროა, რომ გენერალური რეპეტიციის დაწყებამდე თეატრის გუნდის რამდენიმე მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მინდა მათ მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. მიმაჩნია, სტრესის მიუხედავად გუნდიც და მთელი დასიც ღირსეულად შეძლებს სეზონის დახურვას. ოპერის თეატრს და პირადად მე გვაქვს მაღალი პასუხისმგებლობა მაყურებლისა და სახელმწიფოს წინაშე. ამასთან, თეატრში ამჟამად იმყოფება მედიატორი – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. ამ ფონზე სეზონის დახურვა კი არ უნდა გადაიდოს გაურკვეველი ვადით, არამედ შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობის კანონით დაკისრებული ვალდებულება გვაქვს ორივე მხარეს. მოვუწოდებ მოდავე მხარეს, ჩვენს პატივსაცემ თანამშრომლებს, გვერდით გადავდოთ ემოციები, აღვასრულოთ ჩვენი ვალდებულება კანონისა და ქვეყნის წინაშე, ღირსეულად დავხუროთ თეატრალური სეზონი და შევუერთდეთ მედიაციის პროცესს“ – ნათქვამია დავით კინწურაშვილის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის დასის წევრები სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით, უკვე მეორე დღეა აქციებს მართავენ.