ვახტანგ რჩეულიშვილი აქციის მონაწილეებს: თქვე აფერისტებო, მეტი ხმა არ ამოიღოთ!

თბილისის მთავარი პროკურატურის შენობის წინ, „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის დაკითხვის პარალელურად, დაპირისპირება მოხდა კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ადამიანების ჯგუფსა და ვახტანგ რჩეულიშვილს შორის.
თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზე მისულ მაია რჩეულიშვილს დაზარალებულები დახვდნენ, სადაც აქციის მონაწილეები დავალიანების დაფარვას მოითხოვდნენ, ვახტანგ რჩეულიშვილი კი პასუხისმგებლობას მთლიანად სახელმწიფოს აკისრებს.
ვახტანგ რჩეულიშვილმა მიმდინარე პროცესს პროვოკაცია, ხოლო აქციის მონაწილეებს დაქირავებული პროვოკატორები უწოდა.
„მე თქვენ გაჩვენებთ, ვინ არის დამნაშავე“- უთხრა ვახტანგ რჩეულიშვილმა ქალბატონს, რომელიც სააკაძის მოედანზე მშენებარე ბინის საფასურის, 47 ათასი დოლარის დაბრუნებას მოითხოვდა.
„თქვენს მენეჯერს ბევრჯერ შევხვდით, მაგრამ სულ დაპირებები… აქ იმიტომ ვარ, რომ დაგიჭირონ. ხომ აიღეთ მილიონები, ხომ შეჭამეთ… მარტო ერთ ადამიანს 47 ათასი დოლარი ხომ წამართვით. ზუსტადაც გამწარებული და გაუბედურებული ვარ. დააბრუნე ფული და წადი ციხეში, აბა რა უნდა ქნა“, – უთხრა ქალბატონმა ვახტანგ რჩეულიშვილს.
„ვინც თქვენი ფული მოიპარა, იმან დაგიბრუნოთ. თქვე აფერისტებო, მეტი ხმა არ ამოიღოთ. სააკაძეზე პირველი და მეორე კორპუსი რომ მოჭრეს და ვინ მოჭრა, არ იცი? დანარჩენი რვა კორპუსი დამთავრებულია. თქვენი ფულით აშენებული კორპუსის შესახებ ექსპერტის დასკვნა არსებობს და ყველაფერს გაჩვენებთ“, – განაცხადა რჩეულიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები