“ცენტრ პოინტ აჭარის” დირექტორი ირაკლი მინდელი დუმილის უფლებას იყენებს

“ცენტრ პოინტ აჭარის” დირექტორის ირაკლი მინდელის ადვოკატის, თეიმურაზ ჯღამაძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და სრულყოფილი ჩვენების მიცემას მხოლოდ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ აპირებს.
როგორც ირაკლი მინდელის ადვოკატმა ჟურნალისტებს თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სახელმწიფო ბრალდება მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაახლოებით 19 მილიონი ლარის მითვისებას ედავება.
„დაახლოებით 19 მილიონი ლარის ჯგუფურად მითვისებას ედავებიან, რაშიც ირაკლი მინდელი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამ ეტაპზე ჩვენ გამოძიებას ჩვენება ვერ მივეცით, იმიტომ რომ საქმის მასალებს არ ვიცნობთ. დუმილის უფლება აირჩია. როდესაც გადმოგვცემენ საქმის მასალებს, სრულყოფილ ჩვენებას მაშინ მივცემთ”, – განაცხადა თეიმურაზ ჯღამაძემ.
მისივე თქმით, ირაკლი მინდელს თანხის მითვისების განზრახვა რომ ჰქონოდა, ამას ვერ გააკეთებდა, რადგან ფინანსებთან წვდომა არ გააჩნდა. ადვოკატის განმარტებით, ირაკლი მინდელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ”მაგნოლიას” ფილიალის დირექტორი იყო და მას სრულყოფილი უფლებამოსილება და ფინანსებთან შეხების უფლებამოსილება არ ჰქონია.
„შესაბამისად, იმ თანხის მითვისება რომც ნდომოდა, ვერ მიითვისებდა”, – განაცხადა ჯღამაძემ. ამასთან, ადვოკატის თქმით, ბრალდებაში საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც შპს-ის დირექტორი გუკა რჩეულიშვილი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები