ბათუ ქუთელია: საქართველოს ევროპულ გზაზე დარჩენა არ არის კონკრეტული მთავრობის, ან მინისტრის სურვილზე დამოკიდებული

„საქართველოს ევროპულ გზაზე დარჩენა არ არის და ვერ იქნება კონკრეტული მთავრობის, ან მინისტრის სურვილზე დამოკიდებული“, – ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე ბათუ ქუთელიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას უკავშირდება.
კერძოდ, თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თუ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველო ევროპულ გზაზე დარჩება, ის თავდაცვის სამინისტროში დაბრუნდება.
„არაფერი ვიცი ამ განცხადების შესახებ, მაგრამ შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე დარჩენა არ არის და ვერ იქნება კონკრეტული მთავრობის, ან მინისტრის სურვილზე დამოკიდებული. ეს არის ქართველი ხალხის, ქართული საზოგადოების არჩევანი, ამიტომაც ჰქონდა დიდი მნიშვნელობა იმ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს, რომელიც ვარშავის სამიტის წინ შედგა. შესაბამისად, ნებისმიერი მთავრობა, რომელიც არჩეული იქნება შემდგომ არჩევნებში, ვალდებული იქნება, რომ გააგრძელოს სვლა საქართველოს ევროპული არჩევანის გზაზე. ეს არ არის რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის ექსკლუზიური უფლება. პოლიტიკური პარტიების დეკლარაციას ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ“, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები