„ანაკლია მსხვილ საპორტო პუნქტად იქცევა“
ანაკლიის პროექტს დეტალური კვლევა უტარდება. დაგეგმილი გვაქვს, ანაკლია მსხვილ საპორტო პუნქტად ვაქციოთ,- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა უარს არ ამბობს იმ პროექტებზე, რომლებიც წინა ხელისუფლებამ წამოიწყო, თუმცა, მთავარია ყველა პროექტი კარგად იყოს გათვლილი და რეალური სარგებლის მოტანა შეეძლოს ქვეყნისთვის და ხალხისთვის, რის გამოც ანაკლიის პროექტს დეტალური კვლევა უტარდება.
„კვლევას ატარებენ საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე საინჟინრო-საკონსულტაციო იაპონური კომპანიები. დაახლოებით სამ თვეში გვეცოდინება დეტალები. წინა წლებში, სამწუხაროდ, უამრავი ფინანსური რესურსი წყალში გადაიყარა, რის შედეგადაც ხელში შეგვრჩა მხოლოდ საეჭვო ღირებულების უფუნქციო მონუმენტები. გათვლები არასწორად იყო გაკეთებული, რელიეფი საერთოდ არ იყო შესწავლილი და სწორედ ამის გამოა, რომ ახლო მომავალში აქაურ ინფრასტრუქტურას დაშლა ემუქრება, თუ პირველ რიგში არ შესრულდა ნაპირსამაგრი სამუშაოები. ჩვენ სწორედ ამით ვიწყებთ. ჩვენი ხედვა ანაკლიის ზღვისპირა ზოლის ათვისების მიმართულებით ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს, როდესაც თანამიმდევრულად უნდა შესრულდეს ჯერ ნაპირსამაგრი სამუშაოები, შემდეგ კი დაიგეგმოს და მოეწყოს ინფრასტრუქტურა“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ზღვისპირა ზოლის ათვისება და განვითარება აფხაზეთთან ახლოს ხდება. პრემიერის განცხადებით, ადგილების განაშენიანება, საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი ინფრასტუქტურა და, ზოგადად, პროგრესი არ შეიძლება საინტერესო არ იყოს აფხაზი ძმებისთვის. ღარიბაშვილის თქმით, ახალი პორტის რამდენიმე პროექტი უკვე არსებობს. „საპარტნიორო ფონდმა შეისწავლა, თუ როგორ უნდა შევიდეს რკინიგზა არსებულ ტერიტორიაზე, მიწის რა ნაკვეთები დასჭირდება პორტს და რა რაოდენობის ტვირთისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული იგი. პროექტის დაფინანსებისთვის საჭირო სახსრების მოზიდვის მიზნით, საპარტნიორო ფონდი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე საერთაშორისო საფინანსო კომპანიასა და ასევე საკონსულტაციო კომპანიებთან. წინასწარი შეფასებით, ანაკლიის პორტში უნდა განვითარდეს ლოგისტიკური და ინდუსტრიული ზონები; უნდა აშენდეს საერთაშორისო აეროპორტი; უნდა გაკეთდეს თხევადი გაზის ტერმინალი. ანაკლიაში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება წყალდიდობის პრობლემა; გადაწყდება სასმელი წყლის მიწოდების საკითხიც, ფოთი-ანაკლიის წყალმომარაგების დიდი პროექტის ფარგლებში“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნული პროექტით ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგი – „კონტი ჯგუფი” დაინტერესდა. „ამერიკაში ვიზიტის დროს მე შევხვდი კონტი ჯგუფის პრეზიდენტს კურტ კონტის. მათ შეიმუშავეს ანაკლიის პორტის განვითარების სამფაზიანი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს წლიურად 100 მილიონი ტონის ტვირთბრუნვას. სამეგრელოში მასშტაბური პორტის არსებობა ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობისათვის სამუშაო ადგილების გაჩენას. პროექტი დიდ სარგებელს მოუტანს მთელ ქვეყანას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.