შეკვეთილში მდებარე Black sea arena ფონდმა „ქართუმ” სახელმწიფოს გადასცა

აჭარაში, კერძოდ შეკვეთილში მდებარე გრანდიოზული საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena ფონდმა „ქართუმ“ სახელმწიფოს გადასცა.
შესაბამის შეთანხმებას ფონდის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელი რამდენიმე წუთის წინ, შეკვეთილში მოაწერეს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ფონდ ”ქართუს” წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, მუსიკალური პროდიუსერები, რეჟისორები, ტურისტული კომპანიებისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებიან. ხელმოწერის ცერემონიამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ფონდ “ქართუს” დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანიმა და ობიექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“აღნიშნული ობიექტის პროექტირება 2006 წლიდან დაიგეგმა. სამშენებელო სამუშაოები 2008 წელს დაიწყო. ობიექტი არის უნიკალური და განკუთვნილია იმისთვის, რომ მოხდეს რეგიონის პოპულარიზაცია, ასევე განხორციელდეს ინვესტიციები. ფონდ “ქართუს“ მიერ საკონცერტო დარბაზის სახელმწიფოსთვის გადაეცემა თავიდანვე იყო დაგეგმილი“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკონცერტო დარბაზი, 10 000 მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მშენებლობაში ფონდმა „ქართუმ“ 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. დარბაზის პროექტირებაზე გერმანულმა კომპანია Drei Architekten-მა იმუშავა. მშენებლობაზე დასაქმებულია 600-ზე მეტი ადამიანი. მშენებლობის დასრულების შემდეგ, BLACK SEA ARENA-ს ოპერირების უზრუნველსაყოფად, 100-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო კონცერტების პერიოდში, დასაქმებულთა რიცხვი 200-მდე გაიზრდება. BLACK SEA ARENA აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტის მქონე უსაფრთხოების სისტემით, თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით, სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს, შესაბამისად, მზად არის, უმასპინძლოს უმაღლესი დონის ნებისმიერ ვარსკვლავსა და შოუ-პროგრამას. არენის სივრცე ნებისმიერი მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტების, ასევე სპორტული ღონისძიებების, თეატრალური თუ საცირკო წარმოდგენების გამართვისთვის შესაძლებლობას იძლევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები