აბაშისწყალში ელგუჯა ჯამრიშვილის ძებნა გრძელდება

მდინარე აბაშისწყალში დღეს დილიდან განახლდა საქართველოს წყალქვეშ ყვინთვის ნაციონალური ფედერაციის უფროსის, ელგუჯა ჯამრიშვილის ცხედრის ძებნის ოპერაცია.
45 წლის ელგუჯა ჯამრიშვილი, მარტვილში, მდინარე აბაშისწყალში დაკარგული მოზარდის ძებნისას დაიხრჩო. მაშველებმა 17 წლის ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გუშინ იპოვეს.
როგორც „კვირას“ იმერეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომელმა გიგო ონიანმა განუცხადა, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ელგუჯა ჯამრიშვილის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, ელგუჯა ჯამრიშვილი 17 წლის მოზარდის ძებნის ოპერაციაში საკუთარი ინიციატივით ჩაერთო და ის კერძო მყვინთავი არ ყოფილა.
„როდესაც მარტვილში, მდინარე აბაშისწყალში,  17 წლის ბიჭის ძებნის ოპერაცია მიმდინარეობდა, მაშველებისგან ჩვენთან, სამსახურში შეტყობინება შემოვიდა, რომ დამატებით თოკები დასჭირდათ. ამ დროს ელგუჯა ჯამრიშვილი ჩვენთან იმყოფებოდა, მას ჩვენს ტერიტორიაზე იჯარით მაღაზია ჰქონდა, სადაც სამაშველო ოპერაციებისთვის საჭირო სხვადასხვა ნივთი იყიდება. როდესაც გაიგო, რომ ახალგაზრდა ბიჭს მდინარეში ეძებდნენ, როგორც გამოცდილი მყვინთავი, საკუთარი სურვილით ჩაერთო მოზარდის ძებნის ოპერაციაში. საუბედუროდ, თავადაც წყალმა წაიღო და ეს ყველაფერი უბედური შემთხვევით დასრულდა. უკვე მესამე დღეა ვეძებთ ჩვენი მეგობრის ცხედარს“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას გიგო ონიანმა.
შეგახსენებთ, რომ 17 წლის მოზარდი მარტვილში, მდინარე აბაშისწყალში გუშინწინ, 7 ივლისს, ღამით დაიხრჩო და მისი ცხედარი გუშინ, 8 ივლისს იპოვეს, რაც შეეხება ელგუჯა ჯამრიშვილის ცხედარს, ამ დრომდე ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები