არჩილ ცაბუტაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წართმეული 70 ათასდოლარიანი მანქანის დაბრუნებას ახლაც ვითხოვ

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი მის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“, კერძოდ, ირმა ნადირაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირებს.
როგორც ცაბუტაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ირმა ნადირაშვილი ბრალს სდებს, თითქოს, მისი ოჯახი მას შემდეგ გამდიდრდა, რაც თავად წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად დანიშნეს.
„მე არ ვაღიარებ მაგ ქალბატონს, მაგრამ, ალბათ წინასაარჩევნოდ ფონი უნდა შექმნას, რომ თურმე, არჩილ ცაბუტაშვილს და მის ოჯახს არასდროს არაფერი გააჩნდა. მან დაიწყო წყალმომარაგების დირექტორად მუშაობა და იქ იშოვნა ფული. ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ თურმე, მამაჩემი უმუშევარი კაცი იყო და არაფერი რომ არ ქონია არასდროს, მე ჩავურიცხე ფული ანგარიშზე. აქ მაქვს დოკუმენტები, სადაც წერია, რომ 2012 წელს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი არ ვიყავი, უფრო მეტიც საქართველოშიც კი არ ვიყავი ჩამოსული, რადგან უკრაინაში ვმოღვაწეობდი და ბიზნესი მქონდა“,- განაცხადა არჩილ ცაბუტაშვილმა.
მან პრესკონფერენციაზე წარმოადგინა დოკუმენტები, სადაც აღნიშნულია, რომ 2012 წლის 20 ნოემბერს, მამამისმა, ვაჟა ცაბუტაშვილმა, თავის პირად ანგარიშზე შეიტანა 175 ათასი ლარი.
„რომ ამბობენ, თითქოს წყალწაღებული ვიყავით, ხომ არ ჰგონიათ, თვითონ ცალ-ცალი კალოშით რომ მოვიდნენ, ჩვენც ასე ვიყავით. 2006 წელს, ზუსტად 10 წლის წინ, ზაფხულში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მე რომ 70 ათასდოლარიანი მანქანა წამართვა და ვანო მერაბიშვილმა შსს-ს მაღალჩინოსანს აჩუქა, ახლაც სასამართლოშია ჩემი სარჩელი, სადაც ჩემი მანქანის დაბრუნებას ვითხოვ. 2009 წელს, მე რომ დავდიოდი 100 ათასევროიანი მანქანით, ისეთი მანქანა ირმა ნადირაშვილს ტელევიზორშიც რომ არ ჰქონდა ნანახი, მაშინაც წყალმომარაგების „შეფი“ ვიყავი?“-განაცხადა არჩილ ცაბუტაშვილმა.
წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი დირექტორი მოუწოდებს „რუსთავი 2“-ს და „ნაციონალურ მოძრაობას“, ხალხის შეცდომაში შეყვანას თავი დაანებონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები