არჩილ ცაბუტაშვილი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს.
როგორც „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ცაბუტაშვილმა განაცხადა, პროკურატურამ ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალი სამ პირს წაუყენა. მისი თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით თამარ ფხოველიშვილი, მისი მეუღლე ზურაბ ნუცუბიძე და ნათია ნავროზაშვილი ჯგუფური დანაშაულისთვის სასჯელს.
ცაბუტაშვილის ინფორმაციით, პროკურატურამ დაადგინა, რომ თამარ ფხოველიშვილმა ნახევარი მილიონი ლარი კაზინოში წააგო, ასევე ის ინტერნეტმაღაზიებში ახდენდა ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.
არჩილ ცაბუტაშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა იმის შესახებ, რომ მისი დავალებით კომპანიაში ორჯერ ჩატარდა აუდიტი. ასევე აზიის განვითარების ბანკის მოწვევით ჩატარდა საერთაშორისო აუდიტიც, თუმცა ვერცერთმა ამ აუდიტმა ფინანსური დარღვევა ვერ აღმოაჩინა, ისე ჰქონდა თამარ ფხოველიშვილს ყველაფერი გაშიფრული.
მისი თქმით, ნათია ნავროზაშვილმა ბრალი აღიარა და სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. არჩილ ცაბუტაშვილის განცხადებით, პროკუტარურამ და გამოძიებამ დაადგინა, კომპანიაში ფული როგორ იფლანგებოდა 2014-2014 წლებში.
რაც შეეხება თამარ ფხოველიშვილს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყოფილმა დირექტორმა განაცხადა, რომ ბავშვობაში მასთან მეგობრობდა.
„მე რომ თანამდებობა დავტოვე და გადავედი გარემოს დაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ, თამარ ფხოველიშვილი ორი თვე ისევ იყო წყალმომარაგების კომპანიაში და ამ პერიოდში ძალიან სოლიდური თანხა მოიპარა. რატომ არ ვსაუბრობთ იმაზე, რა დაადგინა გამოძიებამ და რატომ აქვს მისჯილი სამ პიროვნებას. პროკურატურამ პრესრელიზი გამოაქვეყნა, სადაც დადასტურებულია, რომ თამარ ფხოველიშვილი, რომელიც ჩემთან მოსული იყო და მეხვეწებოდა, 4 შვილის დედა 600- ლარიან სამსახურში იქნებ მიმიღოო და 2 წლის განმავლობაში, 2 მილიონ 200 ათასი რომ მოიპარა, მილიონ 600 ათასამდე რომ აქვს დახარჯული და ნახევარი მილიონი კაზინოში რომ წააგო, ნახევრით კი,- ცხოვრება მოიწყო, ბინები და მანქანები იყიდა, ეს ხომ დამტკიცებულია“, -განაცხადა მან.
არჩილ ცაბუტაშვილი უარყოფს მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებას, თითქოს, მას ხელს პროკურატურა და ზვიად ჯანყარაშვილი აფარებს.
„ზვიად ჯანყარაშვილი ჩემი მეგობარია და როგორ ფიქრობთ, ე.წ. კახური კლანი მე დამაფარებდა ხელს? დავით შავლიაშვილს „რუსთავი 2“ ე.წ. კლანის წევრად რომ მოიხსენიებთ, სწორედ დავით შავლიაშვილი იყო იმ მომენტში ინფრასტრუქტურის მინისტრი და ზუსტად მან მიმართა შსს-ს ანტიკორუფციულ დეპარტამენტს, რომ ამ საქმის გამოძიება დაეწყოთ“, – განაცხადა ცაბუტაშვილმა.
არჩილ ცაბუტაშვილმა უპასუხა კითხვებს მისი ოჯახის წევრების ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თვითონ 2012 წლამდე ის უკრაინაში საქმიანობდა და ბიზნესმენი იყო, მამამისი კი, ხორცის ბიზნესით არის დაკავებული, რომელმაც 2012 წელს თავის ანაბარზე 175 000 ლარი შეიტანა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტები ცაბუტაშვილმა პრესკონფერენციაზე წარადგინა.