სენაკელები კოტიანეთის კირქვის საბადოს ლიცენზიის შეჩერებას ითხოვენ

მეცნიერების სკანდალური დასკვნა – რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ სენაკელები.
სენაკელები კოტიანეთის კირქვის საბადოს ლიცენზიის შეჩერებას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „ვერსია“ ავრცელებს და სპეციალისტებზე დაყრდნობით ეკის მთის ჩამოშლის საშიშროებაზე წერს.
როგორც გამოცემასთან საუბრისას სპეციალისტები ამბობენ, კირქვის მოპოვებისას განხორციელებული აფეთქებები რელიეფის ზედაპირის დეფორმაციას გამოიწვევს, ასევე დაბინძურდება ზედაპირული და მიწისქვეშა კარსტული ნაკადები, სასმელად გამოყენებული წყაროები, განადგურდება ნიადაგ-მცენარეული საფარი, შეიცვლება წყლების ცირკულაციის პირობები და დაშრება მთის მრავალი ანკარა წყარო.
გარდა ამისა, შესაძლოა, აფეთქებებმა ეკის მთის ნგრევაც გამოიწვიოს. სპელეოლოგების მტკიცებით, საფრთხე შეექმნება უნიკალურ მღვიმეებსაც, რომლებიც ეკის მთის სიღრმეში, სულ რამდენიმე წელია აღმოაჩინეს და რომელთა კვლევა, ჯერ დასრულებული არ არის.
„ვერსია“ ჟურნალისტური გამოძიების მორიგ სტატიაში იმის გარკვევას შეეცადა, რა მეთოდით ხდება 21-ე საუკუნეში კირქვის მოპოვება, რა პრობლემებს შეუქმნის კოტიანეთს და, ზოგადად, სენაკს ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დალუქული კირქვის კარიერის გახსნა და რა პროგნოზს აკეთებენ სპელეოლოგები.
კოტიანეთში თითქმის ყველამ იცის, რომ მთა, სადაც კირქვის კარიერია და ლიცენზიაც უკვე გაცემულია, წყალზე დგას. ამას ადასტურებს აკადემიკოსი პაატა გიორგაძეც და აცხადებს, რომ სენაკი მიწისქვეშა წყლებითაა მდიდარი. სენაკში კირქვის კარიერის ამოქმედება კი, პრობლემას შეუქმნის იქ არსებულ წყლებს და ვერავინ გათვლის, რა კატაკლიზმებს გამოიწვევს. ამგვარ პროგნოზს პაატა გიორგაძე კირქვის მოპოვების წესის გათვალისწინებით აკეთებს. მისი აზრით, უნაგირას მთაზე აფეთქებების წარმოება კატეგორიულად დაუშვებელია. რაღა დროს აფეთქებებია, 21-ე საუკუნეში, მთის ფერდობებს, შესაბამისი ტექნიკით, უმტკივნეულოდ მოვხსნითო, განმარტავენ „ჰუალინგ ჯგუფის“ წარმომადგენლები და ცეზარ ჩოჩელი.
„ვერსიამ“ სპეციალისტებთან გაარკვია, როგორ მოიპოვებენ კირქვას 21-ე საუკუნეში და აღმოჩნდა, რომ აფეთქებას, კირქვის მოპოვებისას, ვერავინ ასცდება. ასე იყო ძველადაც, კომუნისტების დროსაც და ეს მეთოდი უნდა გამოიყენონ დღესაც. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კირქვას ამგვარად მოიპოვებენ – საბადოზე, ერთმანეთის გვერდიგვერდ ნიადაგს ბურღავენ და სიღრმეებში, ერთდროულად, აწარმოებენ აფეთქებებს. ეს იმისთვისაა საჭირო, კირქვა გაფხვიერდეს. მხოლოდ ამის შემდეგ ადვილდება კირქვის გამოტანა შესაბამისი ტექნიკით. სხვათა შორის, კირქვის მოპოვების მეთოდების შესახებ, ინტერნეტშიც არაერთი ინფორმაცია იძებნება. მათ შორის, არაერთი ვიდეომასალაა გავრცელებული: youtube-ზეც (https://www.youtube.com/watch?v=IZq179c887o , https://www.youtube.com/watch?v=HD-j2JtwPCc ), სადაც ნათლად ჩანს, რა მასშტაბის აფეთქებებია საჭირო. დაინტერესებულ პირებს, აღნიშნული ვიდეორგოლების ნახვისას, იმაზეც ადვილად შეექმნებათ შთაბეჭდილება, წლების შემდეგ, რა მდგომარეობა იქნება, დღეს მწვანე საფარით მდიდარ, ეკის მთაზე.
სტატიის თანახმად, კირქვის საბადოს ამუშავებისას საფრთხის წინაშე დადგება უნაგირას მთა, რომელიც ერთი ჩვეულებრივი მთა არ არის. მის წიაღში, არაერთ მიწისქვეშა წყლის დინებასთან ერთად, კარსტული მღვიმეებია, რომლებიც არც ისე დიდი ხნის წინ სენაკელმა მოყვარულმა სპელეოლოგებმა, მურმან და იგორ ბოჯგუებმა აღმოაჩინეს და ადგილობრივებმა, „პატარა სათაფლიადაც“ მონათლეს.13649649_1117307501646461_26347608_n
თუმცა საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ არა აქვს ინფორმაცია მათი არსებობის შესახებ. 2013-15 წლებში კი, კარსტულ-სპელეოლოგიური კვლევები აქ ქართველმა სპეციალისტებმა, ლიტველ კოლეგებთან ერთად, აწარმოეს. ექსპედიციაში, რომელსაც დოქტორი კუკური წიქარიშვილი ხელმძღვანელობდა, ზაზა ლეჟავა, თამაზ ქობულაშვილი, ვიტის ვილკასი, დონატას ზვიცევიჩიუსი, ალგირდას ზიბოლისი, რაიმონდას ბარონასი, აგნე გრინცევიჩიუტე და დეივიდას ჯოსიუსი მონაწილეობდნენ. ამ ექსპედიციით პირველად მოხერხდა საადამიოსა და საწულეისკიროს მღვიმეების წყლიანი და მშრალი დერეფნების დაძლევა, ტოპოგრაფიული აგეგმვა და მღვიმეთა აღწერილობა. საექსპედიციო ჯგუფმა, საწულეისკიროს სიფონებიან მღვიმეში, 280 მ სიგრძისა და 39 მ სიღრმის დახრილი წყლიანი დერეფნის აკვალანგებით გაცურეს. საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნული აღმოჩენა დაფიქსირებულია ამერიკის შეერთებული შტატების ახალი გეოგრაფიული აღმოჩენების საერთაშორისო ბაზაში.
„ვერსია“ აქვეყნებს მეცნიერების ჯგუფის მიერ საწყის ეტაპზე დადებულ სკანდალურ დასკვნას, ხოლო იმის გასარკვევად, კონკრეტულად რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ეკის მთა და სენაკის მუნიციპალიტეტი, ექსპედიციის მონაწილეებს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლებს, კუკური წიქარიშვილსა და ზაზა ლეჟავას დაუკავშირდა.
მათი პროგნოზი ასეთია: „სამწუხაროდ, მსგავსი პრეცედენტი ჩვენ უკვე გვაქვს საქართველოში – ჭიათურის მანგანუმის მომპოვებელი კარიერების სახით, სადაც ბუნებაზე ტექნოგენური ზემოქმედების კოეფიციენტმა დიდი ხანია გადააბიჯა დასაშვებ ნორმებს და დღეისათვის ეს რაიონი წარმოადგენს მთელ საქართველოში (და შესაძლებელია კავკასიაშიც) გეოეკოლოგიურად ერთერთ ყველაზე კატასტროფულ რეგიონს. ჭიათურის რაიონი იმიტომ მოგვყავს მაგალითად, რომ აქ ეკის მთის მსგავსი ტექტონიკურ-სტრუქტურული, კარსტულ-სპელეოლოგიური და ჰიდროლოგიური პირობები და ფაქტორებია წარმოდგენილი.
თუ ჩვენს მიერ ჭიათურის რაიონში ჩატარებული კომპლექსური მეცნიერული კვლევის შედეგებით ვიმსჯელებთ, ეკის მთაზე და მის მიდამოებში ჩვენს მიერ გასულ წლებში ჩატარებული კვლევების შედეგებთან გავავლებთ პარალელს, ადვილი წარმოსადგენია, რომ ჭიათურის რეგიონის მსგავსი ან უფრო უარესი კატასტროფული შედეგებია მოსალოდნელი.
რამდენადაც ცნობილია, ეკის მთას თხემს მთელ სიგრძეზე გაუყვება სიღრმული რღვევა და მის გაყოლებაზე და სიახლოვეს ქანები ძლიერ არის დამსხვრეული და დანაპრალებული, რაც დამატებით პირობებს ქმნის კარსტის ინტენსიური განვითარებისათვის. მთის ფერდობებზე რელიეფში კარგად იკითხება ახალი და ძველი მეწყერები და ჩამოშლილი კლდეზვავები, რომელნიც ტექტონიკურ ნაპრალებთანაა დაკავშირებული.13649595_1117307508313127_1432081274_n
მომავალში, ეკის მთის ზონაშიც თუ კირქვის მოპოვება ისეთივე გეგმით, მასშტაბებითა და მტაცებლური დამოკიდებულებით განხორციელდება, როგორც ჭიათურის კარიერებში (რაც არ არის გამორიცხული), აქაც მოსალოდნელია მსგავსი უარყოფითი შედეგები მივიღოთ. აქ კარიერების ექსპლუატაცია გამოიწვევს ძლიერ დაკარსტული ტერიტორიების მკვეთრ გაფართოებას და, შესაბამისად, კარსტთან დაკავშირებული ნეგატიური მოვლენების გაძლიერებას.
კარიერების გავრცელების რაიონებში სისტემატური ხასიათი მიეცემა რელიეფის ზედაპირის დეფორმაციებს, გააქტიურდება ეგზოდინამიური პროცესები, დაბინძურდება ზედაპირული და მიწისქვეშა კარსტული ნაკადები, სასმელად გამოყენებული კარსტული წყაროები.
განადგურდება ნიადაგ-მცენარეული საფარი. შეიცვლება წყლების ცირკულაციის პირობები, დაშრება მთის მრავალი ანკარა წყარო. კარიერებში ძლიერი აფეთქებები გამოიწვევს არსებული სიღრმული რღვევის და მისი თანმხლები ტექტონიკური ნაპრალების გააქტიურებას და ეკის მთის ნგრევას. არ არის გამორიცხული ტექტონიკური რღვევის გადაკვეთის სიახლოვეს აფეთქებებმა ადგილობრივი სეისმური აქტივობები და ბიძგებიც გამოიწვიოს. არ გამოვრიცხავთ სხვა უარყოფითი შედეგების გამოვლენასაც“,-აცხადებენ სპეციალისტები.
სწორედ ყველა ამ დასკვნისა და პროგნოზის საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ სენაკელები ეჭვქვეშაყენებენ ლიცენზიის გაცემის ობიექტურობას, გარემოს დაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას სთხოვენ, შეჩერდეს კოტიანენთის კირქვის საბადოს ლიცენზიის მოქმედება, შეიქმნას ობიექტური სამთავრობო კომისია, რომელიც გარემოს დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მეცნიერებთან და სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები