პაატა ზაქარეიშვილი: “რუსთავი 2” არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, “რუსთავი 2” იყო მაშინაც, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები წააგო

“რუსთავი 2” არავისთვის წარმოადგენს საფრთხეს, ამიტომ უნდა დამშვიდდეს მთელი საზოგადოება,“ – ამის შესახებ დღევანდელი მთავრობის სხდომის შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების შეხედულება სამაუწყებლო კომპანიის მიმართ უცვლელი რჩება და „რუსთავი 2“-ის საქმე არჩევნებზე არანაირ გავლენას არ მოახდენს.

„არანაირ გავლენას არ მოახდენს “რუსთავი 2”-ის საქმე არჩევნებზე, პირიქით, ყველა მიხვდება, რომ სახელმწიფო ღირსეულად, ცივილიზებულად აკვირდება ამ ამბავს. “რუსთავი 2” იყო მაშინ, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წააგო არჩევნები, 2012 წელს, “რუსთავი 2” იყო მაშინ, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, იყო მაშინაც, როდესაც ადგილობრივი არჩევნები წააგეს. “რუსთავი 2” არავისთვის წარმოადგენს საფრთხეს, ამიტომ უნდა დამშვიდდეს მთელი საზოგადოება,“- აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ოპოზიციისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის შეხვედრის დროს საუბრის ერთ-ერთი თემა იყო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საკითხი. თუმცა, მინისტრთა კაბინეტის წევრები აცხადებენ, რომ ჯონ კერის მხრიდან არცერთი გზავნილი არ გაჟღერებულა იმაზე, რომ მთავრობა მედიის მუშაობაში ერევა.

“არცერთ გზავნილში არ ყოფილა, რომ მთავრობა დღეს რომელიმე მედიის სარედაქციო პოლიტიკაში, ან მედიის საქმიანობაში ერევა, პირიქით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველო დემოკრატიული ტრანსფორმაციის მიმართულებით ლიდერი და მაგალითია,”- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები