სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების პროგრამას „უმასპინძლე საქართველოში“ პირველი ბენეფიციარი ჰყავს

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების პროექტს პირველი ბენეფიციარი ჰყავს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მეწარმე ბაკურიანში სასტუმროს მშენებლობის დასრულებასა და ინვენტარით აღჭურვას შეძლებს.
შპს „თოკა“ ახალი კომპონენტის „უმასპინძლე საქართველოში“ პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სასტუმროსთვის აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს მთლიანად მეწარმეობის განვითარების სააგენტო დაფარავს.
სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიცია 270,000 აშშ დოლარს შეადგენს.
სასტუმროში, რომლის გახსნა 2016 წლის დეკემბერში იგეგმება, 15 ადამიანი დასაქმდება. ახალი სასტუმრო ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, დავით აღმაშენებლის ქუჩა #72-ზე მდებარეობს და დამსვენებლებს მაღალი სტანდარტების, კომფორტული გარემოს შესთავაზებს.
2016 წლიდან სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა, რომელიც მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, რეგიონებში განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას. ახალი კომპონენტი რეგიონული მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას. ამასთან, წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილება დაინერგება ე.წ. ფრანჩაიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების თანადაფინანსებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები