დავით სერგეენკო: ჯონ ქერის ვიზიტი ახალ შესაძლებლობებს მოგვცემს ჯანდაცვის მხრივ სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში
„დღევანდელი ვიზიტი მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს მოგვცემს, როგორც სხვა მიმართულებებით, ასევე ჯანდაცვის მხრივ სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში“, – ამ სიტყვებით ეხმაურება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოში ამერიკის შერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტს საქართველოში.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, თუმცა იქამდე სამუშაო შეხვედრაზე ამერიკის სახელმწიფო მდივანთან განიხილეს რიგი საკითხები, მათ შორის, ქვეყნებს შორის ჯანდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ.
”საქართველო ჩართულია გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების პროგრამაში და მისი აქტიური მონაწილეა. ქართულ ჯანდაცვაში ყველაზე დიდი სახელმწიფო ინვესტიცია ამერიკის მთავრობის მხრიდანაა, ეს არის ლუგარის სამეცნიერო ცენტრი, ხოლო ამერიკის დაავადებათა კონტროლის ხელშეწყობით, ყველაზე დიდი კერძო ინვესტიცია ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტია, რომელიც, ჯამურად, 15 მილიარდი დოლარის საბაზრო ღირებულების პროექტია. დღევანდელი ვიზიტი მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს მოგვცემს როგორც სხვა მიმართულებებით, ასევე ჯანდაცვის მხრივ სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.