რას ყვება ელენე თევდორაძე მოლაშვილზე და რა უთხრა მან სააკაშვილ – ადეიშვილს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძე კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის დაკავების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.
როგორც თევდორაძემ ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, ის პირველი იყო, ვინც ციხის საავადმყოფოში სულხან მოლაშვილი მონახულა.
თევდორაძე ამბობს, რომ ის მოლაშვილის მონახულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და საქმეში არსებულ დარღვევებზე ესაუბრა.
ადამიანის უფლებადა დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, სააკაშვილის შემდეგ ის ადეიშვილს შეხვდა.
თევდორაძე აცხადებს, რომ მოლაშვილის, როგორც პოლიტიკურ პატიმრად მოხსენიებამ ადეიშვილი გააღიზიანა და ის სწორედ ამის შემდეგ გადაიყვანა მეხუთე იზოლატორში.
“მოვისმინე ჩემ მიმართ ბრალდებების მთელი კასკადი. მზად ვარ, პასუხისმგებლობა ავიღო ჩემს თავზე. საქმე იმაშია, რომ ვინც პირველი შეხვდა სულხან მოლაშვილს, ვიყავი მე. როგორც კი ის სასამართლოდან ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მივედი. ორ საათზე მეტი საუბარი გვქონდა. მან ბევრი რამ მომიყვა. ვფიქრობ, რომ ჩემი ბრალიც იყო, როცა ის მერე გადაიყვანეს მეხუთე იზოლატორში. მასთან საუბრის მერე წავედი პრეზიდენტ სააკაშვილთან და ვესაუბრე სერიოზულად. ვუთხარი, დარღვევების შესახებ, რაც მოვისმინე სულხან მოლაშვილისგან. ვუთხარი – პოლიტიკური სუნი ასდის ამ ყველაფერს. მიშამ მითხრა, მიდი ადეიშვილთან, გელოდებაო. ადეიშვილი, დიდი ხნის განმავლობაში არ მიღებდა. მერე შევედი. როცა მიმიღო, მითხრა – როგორ გაბედეთ და თქვით, რომ სულხან მოლაშვილი პოლიტიკური პატიმარიაო. სამწუხაროდ, ამის შემდეგ სულხან მოლაშვილი გადაიყვანეს მეხუთე იზოლატორში. მერე ნანა კაკაბაძემ მოინახულა. როცა პირველად ვიყავი მასთან შესული, მას საშინელ მდგომარეობაში ჰქონდა ფეხები და უნდა დარჩენილიყო ციხის საავადმყოფოში. რაც შეეხება ნარკოტიკებს, მე მეუბნებოდნენ ის პატიმრები, ვინც იქ იმყოფებოდნენ, რომ შედიოდა ნარკოტიკები ყველგან. ამაზე არაერთხელ გამიკეთებია ღიად განცხადება ბრიფინგებზე, პარლამენტში. მეშვიდე იზოლატორში შევიყვანე ევროსაბჭოს წარმომადგენელი და ასე შემდეგ..

როცა სულხანი ვნახე, რა მდგომარეობაში იყო, სიგარეტით ნაწამები, მივედი მეხუთე იზოლატორში და ვიყავი იმ კამერაში, სადაც იმყოფებოდა სულხან მოლაშვილი. საშინელ დღეში იყვნენ პატიმრები. მათ შევეკითხე – რა მოხდა. ერთ-ერთმა მითხრა, ცალკე მინდა დალაპარაკებაო. გამოვიყვანე, ვესაუბრე და მითხრა, რომ არის ცალკე ჯგუფი პატიმრების, რომლებიც ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს, და მათ დაევალათ, რომ წამება განეხორციელებინათ სულხან მოლაშვილის წინააღმდეგ, ეს მითხრეს მე, არ ვიცი, იყო ეს სიმართლე თუ არა”, – განაცხადა ელენე თევდორაძემ.

კითხვაზე, მისცა თუ არა ჩვენება ამ საკითხზე, თევდორაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ თემაზე ჩვენება არ მიუცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები