გიორგი კანდელაკი: ბატონი მოლაშვილი ციხეში არ უწამებიათ (ვიდეო)

ბატონი მოლაშვილი ციხეში არ უწამებიათ, – ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტის შეკითხვას, გრძნობს თუ არა მორალურ ან სამართლებრივ პასუხისმგებლობას “ნაციონალური მოძრაობა” სულხან მოლაშვილის გარდაცვალების გამო.
კანდელაკის თქმით, მოლაშვილის გათავისუფლებიდან 10 წელი გავიდა.
“10 წელი გავიდა მისი ციხიდან გამოსვლის შემდეგ. მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი. არ უწამებიათ ბატონი მოლაშვილი ციხეში, ისევე როგორც ბატონი მირცხულავა”,-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 47 წლის ასაკში საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში ღვიძლის უკმარისობით რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. მოლაშვილის ცხედარი თბილისში 2 დღის წინ ჩამოასვენეს, მას ხვალ 15:00 საათზე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. მისი გარდაცვალება საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა წინა ხელისუფლებას დაუკავშირეს და მოლაშვილსა “ნაციონალური მოძრაობის” სასტიკი რეჟიმის მსხვერპლი უწოდეს.
ცნობისთვის, 2014 წლის 30 სექტემბერს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ სულხან მოლაშვილის საქმეზე 10-წლიანი მსჯელობა დაასრულა და 23 ოქტომბერს გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოაქვეყნა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა აღიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის იმ მუხლების დარღვევას, რომლებიც გულისხმობს: წამებას, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისა და მისი გაგრძელების პროცედურების დარღვევას, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, ადამიანის დისკრიმინაციას პოლიტიკური ნიშნით და ადვოკატის მომსახურების, საქმის მასალების გაცნობისა და მოწმეთა დაკითხვის შეზღუდვას. ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების პირობებში, მას შემდეგ, რაც დამთავრდა ევროსასამართლოში სახელმწიფოსა და დაცვის მხარეს შორის კომუნიკაცია, 2011 წლის იანვარში სახელმწიფომ გაუგზავნა წერილი ევროსასამართლოს, სადაც ის ყველა აღნიშნული მუხლის დარღვევას აღიარებდა, იღებდა ვალდებულებას, დაეწყო გამოძიება და სულხან მოლაშვილისთვის 20 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაცია გადაეხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები