„უჩა ნანუაშვილმა, ფაქტობრივად, საბრალდებო დასკვნა დადო ძველი ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ“

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე „ისლამური სახელმწიფოს“ წევრის, ახმედ ჩატაევის საქმეს ეხმაურება და ლაფანყურის სპეცოპერაციას იხსენებს. ლორთქიფანიძემ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ მომზადებული ანგარიშიც გაიხსენა და განაცხადა, რომ ამ ანგარიშით უჩა ნანუაშვილმა წინა ხელისუფლების წინააღმდეგ, ფაქტობრივად, საბრალდებო დასკვნაც გამოიტანა.
„გახსოვთ, რომ უჩა ნანუაშვილის დებიუტი შედგა ძალიან ხმამაღალი სპეციალური ანგარიშით ლაფანყურთან დაკავშირებით. მან ფაქტობრივად დადო საბრალდებო დასკვნა ძველი ხელისუფლების მაღაჩინოსნების წინააღმდეგ და ამხილა ისინი სპეციალური დანიშნულების მიზნით შეიარაღებული ფორმირებების მომზადებისა და მათი შემდგომი სირიის მიმართულებით გადასროლის საკითხებთან დაკავშირებით.
იქ ითქვა ისეთი რამ, რაც შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო საიდუმლოების დონეზე არც იქნებოდა გახმაურებული. თქვენ იცით, რომ კრიტიკა ბატონ უჩა ნანუაშვილს ჩემი მხრიდან არ აკლია, მაგრამ ეს იყო იმდენად ამომწურავი და სრულყოფილი და კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობილი სპეციალური ანგარიში, რომ არ შემიძლია, არ დავეყრდნო ამ ინფორმაციის უტყუარობას, იქ მტკიცებულებების დონეზე იყო მოყვანილი ის, რომ შეიარაღებული პირები, რომელთა ნაწილი შემდგომში ლაფანყურის სპეცოპერაციაში დაიღუპა, გადიოდნენ სპეციალურ მომზადებას შავნაბადას სპეციალურ ცენტრში და რომ მათ პირდაპირ მფარველობდა სააკაშვილის ხელისუფლება და ამ ყველაფრის უკან ალბათ იკვეთებოდა ჩვენი, აშშ-ის გარკვეული ინტერესებიც, რადგან ეს მოიცავდა არა მხოლოდ შეიარაღებული ფორმირმირებების ვიწრო გადამზადების ოპერაციას, არამედ გარკვეულ გაგრძელებასაც. სწორედ ეს გაგრძელებები, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა მთავარი შემაფერხებელი გარემოება იმისა, რომ სპეციალური ანგარიშის მომზადების შემდგომ დაწყებულიყო სისხლის სამართლის საქმე, მიცემულიყვნენ პასუხისგებაში ყველა ის პირები, რომლებსაც ბრალი ედებოდათ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მომზადებაში და საკითხი გაიყინა“,- განაცხადა ლორთქიფანიძემ.
„კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ლორთქიფანიძემ ისიც დასძინა, რომ ეს საკითხი მოგვიანებით პოლიტიკური ვაჭრობის საგანიც გახდა. ლორთქიფანიძემ ლაფანყურის საქმეს პოლიტიკური შეფასება მისცა.
„ამ საქმეს რეზონანსული ხასიათი რომ არ მისცემოდა, ხელისუფლება იმაზე წავიდა, რომ შეიქმნა 12-13-კაციანი საზოგადოებრივი კომისია. ამ კომისიას უნდა ემსჯელა, გარკვეული ტიპის სამუშაოები მათ შეასრულეს კიდეც, იმყოფებოდნენ პანკისის ხეობაში, შეხვდნენ დაზარალებლების უფლებამონაცვლეებს, მაგრამ საქმე არ დაძრულა ადგილიდან. მინდა, რომ მე, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ამას პოლიტიკური შეფასება მივცე. ჩვენ – „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ ვთვლით, რომ კოჰაბიტირებული ძალებისთვის გარკვეული ვაჭრობის საგანი გახდა ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებული გამოძიება. „ქართულმა ოცნებამ“, ძალოვანმა სტრუქტურებმა და პროკურატურამ სახალხო დამცველის სპეციალურად მომზადებული ანგარიშის საფუძველზე დადეს გარკვეული მასალები, მაგრამ საქმე იმის იქით არ წასულა, რადგანაც ამან შეიძინა პოლიტიკური ვაჭრობის ხასიათი“,- განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები