თინა ხიდაშელი: თუკი უჩა ძოძუაშვილს რაიმე პრეტენზიები აქვს, სასამართლოში წავიდეს

ძოძუაშვილთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, ცოტა უფრო გვიან, ვიდრე უნდა მიმეღო, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
რაც შეეხება არსებულ ვერსიას, რომ „დელტას“ ყოფილ დირექტორს, ძოძუაშვილს თავდაცვის სამინისტრომ ფული არ გამოუყო და სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების დამზადება ამის გამო დააგვიანდა, თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ თუკი უჩა ძოძუაშვილს რაიმე პრეტენზიები აქვს, სასამართლოში წავიდეს.
„ამ თემაზე, ანუ ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი პირების საქმიანობაზე, კომენტარებს არ ვაკეთებ, მე ვიღებ გადაწყვეტილებებს. ძოძუაშვილთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, ცოტა უფრო გვიან, ვიდრე უნდა მიმეღო, მაგრამ კარგია, რომ მივიღე… თუკი მას რამე პრეტენზიები აქვს, არსებობს სასამართლო და წავიდეს იქ. რაც შეეხება იმას, ვისი დანაშაულია, ამას შესაბამისი ორგანოები გაარკვევენ. გენინსპექციამ წინასწარი მოკვლევა დაასრულა, დასკვნა არსებობს. იმედია, რაღაც მომენტში ეს დასკვნა საჯარო გახდება და ყველა თვითონ გააანალიზებს და დაასკვნის“, – თქვა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრმა მისი ყოფილი მოადგილის ანა დოლიძის თავდაცვის სამინისტროდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადასვლასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დოლიძეს წასვლა კარგა ხანია გადაწყვეტილი ჰქონდა. „სწორედ ამიტომ დათანხმდა პრეზიდენტის შემოთავაზებას მოსამართლედ წარდგენის თაობაზეც. ეს მრავალთვიანი და ადამიანურად მძიმე პროცესი იყო. 37 მოსმენაზე დაიბარეს და ხან კვორუმი არ იყო და ხან, სხვა მხრივ შეფერხდა საქმე. მოკლედ, ბოლოს მოხდა ის, რაც მოხდა. ანას იმდენად კარგად ვიცნობ და ზუსტად ვიცი მისი ღირებულებათა სისტემა, რომ სადაც არ უნდა იყოს, ყველგან ერთი და იმავე პრინციპების ერთგული იქნება. წარმატებას ვუსურვებ,“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები