ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი: რეზოლუციის პროექტი უკიდურესად პოლიტიზებულია

რეზოლუციის პროექტი უკიდურესად პოლიტიზებულია, – ასე აფასებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლაი კოვალიოვი ქართული დელეგაციის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს – „კონფლიქტები საქართველოში“.
როგორც კოვალიოვმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული დეოკუმენტი ღიად ანტირუსულია და მასში გამოთქმულია რუსეთის მიმართ უსაფუძვლო პრეტენზიები.
„საუბარია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციაზე, მავთულხლართებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ჩვენ ამ დოკუმენტს მხარს არ ვუჭერთ, რადგან ის არის პოლიტიზებული და ახდენს აფხაზი და ოსი ხალხის ნების იგნორირებას.
მხოლოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ: რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ქართველ დევნილებს არ ეძლევათ აფხაზეთში დაბრუნების საშუალება, მაშინ, როდესაც გალის რაიონში 50 000-მდე ქართველი დევნილი დაბრუნდა“, – აღნიშნა კოვალიოვმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას „კონფლიქტები საქართველოში“ მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები