თინა ხიდაშელი: ჯერ არც მოვმკვდარვარ და არც გადავმდგარვარ

ჩემს თანამდებობაზე ორ კანდიდატურაზე, ასე ვთქვათ, ჭორაობენ. ჯერ არც მოვმკვდარვარ და არც გადავმდგარვარ, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის მინისტრის პოსტზე მას, ირაკლი სესიაშვილი, ან კობა კობალაძე შეცვლის.
მისი განცხადებით, პრემიერის გადასაწყვეტი იქნება ახალი მინისტრის ვინაობა.
„ამ კითხვაზე პასუხი როგორ გაგცეთ. მე რომ არ ვიქნები ამ პოსტზე, პრემიერის გადასაწყვეტი იქნება ახალი მინისტრის ვინაობა. მე რომ მქონდეს არჩევანი, თუ თინა ხიდაშელი არა, მაშინ სხვა კანდიდატურა მეყოლებოდა, სუფთა, კვალიფიციური, პროფესიონალი… თუმცა, ის კაცი კანდიდატურად ვერ გამოდგება, რადგან არასდროს დათანხმდება ამ წინადადებას“, – აღნიშნა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრი არ აკონკრეტებს არსებულ ინფორმაციას, რომ მას შემცვლელი კანდიდატურა ჰყავს.
„მე ვთქვი, რომ კანდიდატურა მყავს? ვთქვი, მე რომ ვწყვეტდე ამ საკითხს, ასეთ პიროვნებას შევარჩევდი- მეთქი“, – ამბობს მინისტრი.
რაც შეეხება ასევე არაოფიციალურ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, თინა ხიდაშელმა არჩევნებში პარტიული ნიშნით მონაწილეობაზე უარი თქვას და მინისტრად დარჩეს, თავდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ მისი ყველა გადაწყვეტილება პოლიტიკურად და პრაქტიკული ამოცანებიდან გამომდინარე იყო შეთანხმებული.
„როგორც ბატონმა პრემიერმა თქვა და ვიზიარებ სრულად, ჩემი ყველა გადაწყვეტილება, რომლებიც დღემდე მივიღე, პოლიტიკურად და პრაქტიკული ამოცანებიდან გამომდინარე შეთანხმებული და სინქრონიზებული იყო. ზუსტად ასეთივე იქნება 8 ოქტომბრამდე მიღებული ჩემი ყველა გადაწყვეტილება“, – ამბობს მინისტრი.
ხიდაშელი თავს არიდებს არსებულ ინფორმაციაზე პასუხს, რომ ჯარში ფორმის, ბათინკის, აღჭურვილობის დეფიციტია და ჯარისკაცები მოწყობაზე ბოტასებით დგანან.
„ბოტასებით არსად არ დგანან. თუმცა, არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. ფორმისა და ბათინკის პრობლემა შეიქმნა იმიტომ, რომ თურქეთმა, რომელიც რუსეთიდან ყიდულობდა ნაჭერს, ვერ იყიდა, ვერ შეკერა ფორმა და დაგვაგვიანდა“, – აღნიშნა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები