დავით უსუფაშვილი: როცა პოლიტიკური ძალები საერთაშორისო არენაზე ვახერხებთ გაერთიანებას, მაშინ შედეგი გაცილებით მარტივად მიიღწევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის მიერ საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ტიპის რეზოლუციებით იქმნება ის რეალობა საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა, რეზოლუციაში ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია.
“რეზოლუციაში ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია. კერძოდ, რუსულ ოკუპაციას, იმ პრობლემებს, რაც გვაქვს და ეუთო ამით მოუწოდებს ქვეყანას, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ განუხრელად იქნას დაცული საერთაშორისო სამართლის პრინციპები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, რუსეთმა შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის აგვისტოში დადებული ხელშეკრულება და მისცეს საშუალება დევნილებს, დაბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში, გაიყვანოს შეიარაღებული შენაერთები ამ ტერიტორიებიდან და უარი თქვას საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლად გამოცხადებასა და აღიარებაზე.
მართალია დოკუმენტს ჰქვია ჩემი სახელი და ინიცირებულია ჩემ მიერ, მაგრამ მის შედგენაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციის ყველა წევრმა, საპარლამენტო უმცირესობამ და უმრავლესობამ. ეს არის მაგალითი იმისა, რომ როცა ჩვენ, პოლიტიკური ძალები საერთაშორისო არენაზე ვახერხებთ გაერთიანებას და ერთ მუშტად შეკვრას, მაშინ შედეგი გაცილებით მარტივად მიიღწევა”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას „კონფლიქტი საქართველოში“ მხარი დაუჭირა.
რეზოლუციის კანონპროექტს მხოლოდ რუსეთის დელეგაციის სამმა დეპუტატმა მისცა ხმა წინააღმდეგ. რეზოლუციის კანონპროექტს საბოლოოდ ხვალ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს. საბოლოოდ დასამტკიცებლად ხვალინდელ პლენარულ სესიაზე გავა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ავტორობით მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელსაც დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, 17 პუნქტისგან შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები