ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა საერთო კომიტეტმა რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის მეორე სხდომა რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით დელეგაციების წევრების მიერ მომზადებული შესწორებების განხილვას დაეთმო.
25-პუნქტიან რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით, კომიტეტმა 40 შესწორებაზე იმსჯელა, რომელთა მხოლოდ ნაწილი იქნა გათვალისწინებული.
კომიტეტის სხდომაზე დელეგატთა შესწორებები ადამიანის უფლებებისა დ ძირითადი თავისუფლებების კუთხით ეუთოს განსაკუთრებული როლის აღნიშვნას, მიგრაციული კრიზისის მოგვარებისთვის პოლიტიკური ნების გამოხატვას, ქალი მიგრანტების მიმართ განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებას, ეუთოს წევრ სახელმწიფოებს შორის კონსენსუსის და ღია დიალოგის აუცილებლობას, მიგრანტთათვის ფიზიკური და სამართლებრივი ბარიერების გამარტივებას შეეხებოდა.
უკრაინის დელეგაციის მიერ წარდგენილი შენიშვნა, ეუთოს წევრი ერთი სახელმწიფოს მხრიდან მეორე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპირების შემთხვევაში, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლების უხეში დარღვევის დაფიქსირებას ითვალისწინებდა. შესწორება, რომელსაც რუსეთის ფედერაციის დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა, კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად მიიღო.
რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით შესწორება ჰქონდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრს, თედო ჯაფარიძეს. შესწორება მე-6 პუნქტში არსებულ ჩამონათვალში ეროვნული უმცირესობების საქმეთა უმაღლესი კომისრის დამატებას ითვალისწინებდა. ქართული დელეგაციის შესწორებას დელეგატებმა მხარი დაუჭირეს.
შესწორებების განხილვის შემდეგ, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა საერთო კომიტეტმა რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.
დღესვე, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა საერთო კომიტეტმა მესამე სხდომა გამართა და უკრაინელი დელეგატის ნატალია ახაფონოვას მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტზე იმსჯელა, რომელიც ყირიმში ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლების დარღვევას შეეხებოდა.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2014 წლის 16 მარტს ყირიმში „ე. წ. რეფერენდუმი უკრაინის კონსტიტუციის აშკარა დარღვევით ჩატარდა და წარმოადგენს უკანონო და კანონსაწინააღმდეგო აქტს, რომელსაც არ აქვს იურიდიული ძალა და სამართლებრივი შედეგები.“
ასევე აღინიშნა, რომ ტერიტორიების მითვისება, რომლიც ხდება ძალის მუქარითა და ძალის გამოყენებით, საერთაშორისო სამართლის თანახმად, არ უნდა იყოს აღიარებული კანონიერ ქმედებად. მან მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, დაასრულოს უკრაინის მიმართ აგრესია და შეასრულოს თავისი ვალდებულებები, გამომდინარე გაეროს ქარტისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტიდან, ასევე საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმებიდან და პრინციპებიდან, მათ შორის, ეუთოს ფარგლებში არსებული პრინციპებიდან და ნორმებიდან.
დამატებითი ოქმი კენჭისყრის შედეგად მიიღეს. რეზოლუციის პროექტს რუსულმა დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა.
რეზოლუციებში ცვლილებების შეტანისა და კომიტეტების მიერ მათი მიღების შემდეგ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, 5 ივლისს სესიაზე, კენჭს უყრის თბილისის დეკლარაციას, სადაც უკვე მიღებული რეზოლუციები შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები