ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა ჩერნობილის კატასტროფასთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა და კომიტეტის ხელმძღვანელობა აირჩია

თბილისში მიმდინარე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო, 25-ე ყოველწლიურ სესიაზე ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტმა რიგით მეორე სხდომა გამართა. კომიტეტმა განიხილა და გარკვეული შესწორებებით, ერთხმად, მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომელიც ჩერნობილის კატასტროფის 30-ი წლისთავს უკავშირდება.
რეზოლუციაში განსაკუთრებითაა აღნიშნული, რომ აუცილებელია როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, გაგრძელდეს ძალისხმევა ჩერნობილის კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციისთვის, რათა შემცირდეს მისი შედეგების გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ეკოლოგიაზე, სოციალურ და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. დოკუმენტში მითითებულია, აგრეთვე დაზარალებული რეგიონების აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნებზე.
სხდომის ბოლოს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ნილზა სინა(პორტუგალია), კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არტურ გერასიმოვი(უკრაინა), კომიტეტის მომხსენებლად კი, მარიეტა ტიდეი(იტალია).
კომიტეტის მუშაოაბაში მონაწილეობა მიიღო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენიტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი წერეთელმა.
1-5 ივლისს თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას” ტერიტორიაზე, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო, 25-ე ყოველწლიური სესია: „25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით” იმართება. ხუთი დღის განმავლობაში თბილისი საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები