თედო ჯაფარიძე: ჩვენი რუსი კოლეგები სიურპრიზების მომზადებაში გაწაფული არიან

საქართველოს დელეგაციის მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის წარდგენილ რეზოლუციის პროექტში ყველა ის მწვავე საკითხია შეტანილი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს დიდ მეზობელთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დელეგაციის წევრმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ განუცხადა.
ჯაფარიძის ინფორმაციით, დელეგატთა უმრავლესობა რეზოლუციას მხარს უჭერს.
“რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს ეხება 2008 წლის ომს, ოკუპირებულ ტერიტორიებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, მკვლელობებს, გატაცებებს და ასე შემდეგ. რეზოლუციის პროექტში შეტანილია მხოლოდ სამი შესწორება – ისიც სტილისტური ან უმნიშვნელო პოლიტიკური ხასიათის. დაველოდოთ, როგორ გაიმართება დებატები. ჩვენი რუსი კოლეგები სიურპრიზების მომზადებაში გაწაფული არიან, რაც კიდეც შემოგვითვალეს ამ რამდენიმე ხნის წინ. ქართული დელეგაცია რეზოლუციის პროექტს ერთხმად დაუჭერს მხარს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის გავიდეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯაფარიძემ.
კითხვაზე, რას დაუპირისპირებს რუსი კოლეგების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები ჯაფარიძემ განაცხადა, რომ რუსი კოლეგების მხრიდან ამგვარი განცხადებები არაერთხელ მოუსმენიათ.
“დღეს კვირა დღეა და შეიძლება გარკვეული დოზით იუმორს მივმართოთ. გუშინ მშვენიერი საღამო იყო და ეტყობა მათ კარგად იქეიფეს და რაღაც ილუზიები გაუჩნდათ ან პირიქით, თავი სტკივათ. დიდი ხანია ამ პროცესში ვარ ჩართული და ეს ყველაფერი არახალია – ამგვარი არგუმენტები რუსეთის დელეგაციის წევრების მხრიდან არაერთხელ გვაქვს მოსმენილი. მთავარია, რომ ჩვენი არგუმენტები არის მყარი, არის ძალიან ხისტი და არ ვაპირებთ ერთი იოტის, ერთი სანტიმეტრის დათმობას“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტის პოლიტიკის საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განხილვა ვერ ესწრება და მას კომიტეტი ხვალ განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები