“ქართული ოცნება” გიგი წერეთლის კანდიდატურასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ეუთო-ს საპარლამენტო ასამბელის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს,რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“1-5 ივლისს თბილისში იმართება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევით დასრულდება. მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატად სხვა კანდიდატებთან ერთად ევროპის სახალხო პარტიის მიერ წარდგენილია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგი წერეთელი.
 
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატები შეირჩევიან პოლიტიკური პლატფორმის საფუძველზე და, შესაბამისად, გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანია პოლიტიკური აფილაცია და არა კანდიდატის ეროვნება თუ მოქალაქეობა.
 
,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ არ უჭერს მხარს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის არჩევას და არ აპირებს კენჭისყრაში მის სასარგებლოდ ხმის მიცემას.
 
გიგი წერეთელი ზედიზედ ორჯერ იყო არჩეული ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე და, ბუნებრივია, იგი ამ პოზიციას აქტიურად იყენებდა პარტიული მიზნებისათვის, თუმცა, საზოგადოებისთვის უცნობია, რამდენად ეფექტიანად ხელმძღვანელობდა ამ პეროდში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებით.
 
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ერთ-ერთ მთავარ სადამკვირვებლო მისიას წარმოადგენს, ხოლო გიგი წერეთელი ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მხარეა. შესაძლოა, გაჩნდეს განცდა, რომ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მას ექნება შესაძლებლობა, რაიმე ფორმით გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგების შეფასებაზე.
 
მიგვაჩნია, რომ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი. განსაკუთრებულად გასათვალისწინებელია ის, რომ ენმ-ის ლიდერი თუ პარტიასთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვა პირები ღიად გამოხატავენ საქართველოში ,,რევოლუციური სცენარის“, ,,აჯანყების“ თუ სხვა ტიპის უკანონო ქმედებებით ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილს. ამ განცხადებებიდან და ოპოზიციის ცალკეული ქმედებებიდან გამომდინარე, ჩნდება განცდა, რომ “ერთიანი ნაციონალური მორაობის” მიზანია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დელეგიტიმაცია უკანონო და ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით.
 
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის არჩევამ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება, ჩრდილი მიაყენოს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შედეგების ობიექტურად და დაბალანსებულად აღქმას.
 
ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ავტორიტარული მმართველობის რამდენიმეწლიანი ისტორია ამძიმებს, მათ შორის წამების, საკუთრების ხელყოფის, შანტაჟის, გამოხატვის თავისუფლების და თავისუფალი მედიის ჩახშობის, პოლიტიკური ძალადობის სხვადასხვა ფორმების გამოყენება, რაც შეუთავსებელია ეუთოს ღირებულებებსა და სტანდარტებთან.
 
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ გიგი წერეთლის არჩევა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლის პრეზიდენტად, უფრო მეტ კითხვას გააჩენს ქართულ საზოგადოებაში, ვიდრე სარგებელს მოუტანს მას. შესაბამისად, პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მოუწოდებს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს, გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ აღნიშნული გარემოებები”, – ნათქვამია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები