კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არასამთავრობოებს წარედგინათ

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და საბჭოს აპარატში შემუშავებული საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა გააცნო.
შეხვედრაზე გამოითქვა შენიშვნები და წინადადებები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება დოკუმენტის საბოლოო ფორმირებისას.
კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოებრივი, ასევე უცხოელი პარტნიორების ჩართულობა. სწორედ ამიტომ, უახლოეს მომავალში, შეხვედრა შედგება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან.
დოკუმენტი გადაეგზავნა ნატოს ახალი საფრთხეების დირექტორატსაც, რომელიც საკუთარ შენიშვნებსა და წინადადებებს მიმდინარე წლის ივლისში წარმოადგენს.
საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კონცეპტუალურ დოკუმენტს, რომელიც ადგენს კიბერუსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკასა და პრიორიტეტებს და ასევე განსაზღვრავს აღნიშნული შესრულების მექანიზმებს 2016-2018 წლების განმავლობაში. დოკუმენტზე მუშაობა 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და პროცესში ჩართული იყო სხვადასხვა უწყება.
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სტრატეგიას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები